არარეზიდენტმა ელჩებმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს

Civil Georgia 1 თვე წინ 33
არარეზიდენტმა ელჩებმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს

ცამეტმა არარეზიდენტმა ელჩმა, მათ შორის თერთმეტმა ახლადდანიშნულმა დიპლომატმა ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან, ფილიპინებიდან, კამბოჯიდან, კვიპროსიდან, მალაიზიიდან, პაკისტანიდან, სომალიდან, ბურუნდიდან, გვატემალადან, მალიდან, სამხრეთ კორეიდან და ტაჯიკეთიდან, 7 მარტს ორბელიანების სასახლეში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილის რწმუნებათა სიგელები გადასცეს.

ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან დიპლომატებთან „ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა’.

5 მარტს არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს გიორგი ზურაბაშვილს და ხათუნა თოთლაძეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობის საკითხებს და გამოითქვა მზადყოფნა ამ ურთიერთობების გაღრმავებისა და გააქტიურებისთვის.

იმავე დღეს ელჩები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ, სადაც „ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას. მიიღეს ინფორმაცია  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ“.

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ასევე გამართა შეხვედრები მალაიზიის, გვატემალას, ლუქსემბურგის, პაკისტანის, ბელგიისა და ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩებთან.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია