
„აპრილში, ძლიერმა ყინვებმა მოსავლიანობა დაახლოებით 40%-ით შეგვიმცირა“, – ამის შესახებ სანერგე „ფისტას მეურნეობა“ დამფუძნებელმა და ფერმერმა, ივანე ლელაშვილმა, „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
ლელაშვილის თქმით, რთული გაზაფხულის შემდეგ, ფისტასთვის ძალიან კარგი ზაფხულის ამინდებია, რადგან ეს მცენარე უდაბნოსებრი ჰავისა და სიმშრალის მოყვარულია.
„ჩვენი ბაღი ჯერჯერობით ახალგაზრდაა და მსხმოიარობის მეორე წელი აქვს, აქედან გამომდინარე, 1 ჰექტარია ისეთი, რომლისგანაც მოსავალს მივიღებთ და დაახლოებით 1 ტონამდე ნაყოფს ველოდებით.
ეს იმ ფონზე, რომ რთული გაზაფხული და ზაფხულის პირველი კვირები გვქონდა, რადგან ყინვებმა ჯანსაღი ყვავილების საკმაოდ დიდი ნაწილი დააზიანა. ეს უფრო მეტად ითქმის აპრილის თვეზე. ძლიერმა ყინვებმა მოსავლიანობა დაახლოებით, 40%-მდე შეგვიმცირა.
აქტიური კომუნიკაცია მაქვს ფისტას სხვა ფერმერებთანაც და მათთანაც ასეთივე სიტუაციაა. მაგალითად, კახეთში, იორმუღანლოში, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ფისტას ბაღია და ყინვებმა მათაც 40%-მდე მოსავალი დაუზიანა.
მეორე მხრივ, ზაფხული ძალიან კარგია და ის ნაყოფი, რაც შერჩა, კარგად განვითარდა, რასაც ხელი სიცხეებმა და მშრალმა კლიმატმა შეუწყო. მოგეხსენებათ, ფისტა მშრალი და უდაბნოსებრი ჰავის მოყვარულია“, – ამბობს ივანე ლელაშვილი.
რაც შეეხება ფასებს, ფერმერის თქმით, ამჟამად ჩასაბარებელი ფასი უკვე 35-40 ლარია, რაც დამოკიდებულია ხარისხზე.
„გასაყიდი ფასი კი 45-60 ლარს შეადგენს, თუმცა, ამაში არ იგულისხმება მარკეტის ფასები, რადგან იქ გაცილებით ძვირად ყიდიან“, – განაცხადა ფერმერმა „ბიზნესპრესნიუსთან“.
წყარო: www.bpn.ge