ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები, რომლებიც ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არიან, მოუწოდებენ პორტუგალიას, ვიზები არ მისცეს საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომლებიც პორტოში 29 ივნისიდან 3 ივლისამდე დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიაზე დასწრებას გეგმავენ. ამის მიზეზად პარლამენტარები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ქვეყანაში დემოკრატიის შელახვას ასახელებენ და აცხადებენ, რომ „მათი მონაწილეობა ძირს გამოუთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ეუთო იცავს და არასწორ გზავნილს გაუგზავნის მათ, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის საქართველოსა და მის ფარგლებს მიღმა“.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროსადმი გაგზავნილ წერილში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, მაღალი რანგის წევრმა, კონგრესმენმა სტივ კოენმა და ათზე მეტმა ამერიკელმა და ევროპელმა კანონმდებელმა პორტუგალიის მთავრობას მოუწოდეს, ხელი შეუშალოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მონაწილეობას სესიაში.
ხელმომწერებმა „ქართული ოცნება“ „დემოკრატიის სისტემატურ შელახვაში“ დაადანაშაულეს და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩევნების ფართომასშტაბიან გაყალბებაში მონაწილეობდა, ძალადობრივად ახშობდა მშვიდობიან პროტესტს და აპატიმრებდა მისი მმართველობისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. „მათი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა პოპულარიზაციასა და დაცვას პორტუგალია და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ცდილობენ“, – ნათქვამია წერილში.
„„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟულ სესიაზე დასწრების უფლების მინიჭება მათი რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციის ტოლფასი იქნება და მათ იმ პლატფორმას მიანიჭებს, რომელსაც არ იმსახურებენ“, – წერენ კანონმდებლები.
წერილი მოუწოდებს პორტუგალიას, როგორც „დემოკრატიული იდეალების ურყევ დამცველს“, მტკიცე პოზიცია დაიკავოს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმით ან სხვაგვარად აღკვეთოს მათი მონაწილეობა ეუთოს შეხვედრაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/05/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო
- 14/05/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტი: MEGOBARI აქტი „უაღრესად მტრული“ და „ფაქტობრივად გაუმართავია“
- 06/05/2025 – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა
- 16/12/2024 – იოზვიაკი: ევროკავშირი ქართველ დიპლომატებსა და სხვა ოფიციალურ პირებს ვიზალიბერალიზაციას შეუჩერებს
- 28/03/2017 – ევროკავშირის და საქართველოს ოფიციალური პირები უვიზო მიმოსვლას Twitter-ზე ეხმიანებიან