საქართველოს შეეძლო 2021 წლისთვის საფრანგეთის წყალობით სრულად განვითარებული საჰაერო თავდაცვის სისტემა ჰქონოდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შეთანხმება ჩაშალეს, განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში.
ალასანიამ, რომელსაც 2012-2014 წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, განაცხადა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, როდესაც მთავრობა შეეცადა მასზე ზეწოლა მოეხდინა, რათა შეთანხმების ხელმოწერა არ მომხდარიყო. ალასანიას ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. „კაბელების საქმეზე“ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. ალასანიას თქმით, ხელისუფლებამ სწორედ ეს საქმე გამოიყენა მასზე ზეწოლის მოსახდენად, რათა მას უარი ეთქვა საფრანგეთთან გარიგებაზე.
ალასანიამ განაცხადა, რომ 2013 წელს იგი საფრანგეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრს ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროების გაგზავნა სთხოვა. სანაცვლოდ კი, როგორც ალასანიამ განაცხადა, საფრანგეთი დათანხმდა საქართველოსთვის საკრედიტო შეთანხმებით საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაზე.
ხელშეკრულება 2014 წლის ოქტომბერში უნდა გაფორმებულიყო. მაგრამ ხელმოწერის წინა დღეს, როგორც ალასანია ამბობს, მას დაურეკა ქართველმა მაღალჩინოსანმა და უთხრა, რომ ეს არ გაეკეთებინა. მისი თქმით, ზეწოლის უკან მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელიც იმ დროს აღარ იყო პრემიერ-მინისტრი.
მიუხედავად ზეწოლისა, მან მაინც არ თქვა უარი ხელმოწერაზე და განაცხადა, რომ ხელშეკრულება შეთანხმებული იყო ყველა შესაბამის ქართულ და ფრანგულ ინსტიტუტთან და ოფიციალურ პირებთან. როდესაც ის ხელშეკრულების გაფორმებას აპირებდა, თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დააკავეს, რაც მისი თქმით, სწორედ გარიგების შეჩერების მცდელობა იყო.
ალასანიამ ხელშეკრულებას მაინც მოაწერა ხელი. „მე რომ ხელი არ მომეწერა ამ შეთანხმებაზე, იქნებოდა ყველაფრის ღალატი, მათ შორის ამ ბიჭების ღალატი, ჩვენი ქვეყნის ღალატი“, – განაცხადა მან.
ალასანიას თქმით, საქართველოს საჰაერო თავდაცვის შეთანხმების ჩაშლა არ იყო მხოლოდ ადგილობრივი ჩანაფიქრი. მან გაიხსენა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ საუბრების დასაწყისში რუსეთის წარმომადგენლებმა ამის შესახებ განცხადებები გააკეთეს. ალასანიამ ასევე გაიხსენა, რომ მას უთხრეს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც თავად არ დასწრებია, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდა მოუწია პუტინისთვის, რადგან ამ გადაწყვეტილებით ალასანიამ „ისეთ დღეში ჩააყენა“. ალასანიას თქმით, „ცხადია, რომ ეს არ იყო მხოლოდ ივანიშვილის თავში მოხარშული თემა, ეს იყო რუსეთიდან წამოსული მუქარა, შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეს არ უნდა მოყვეს შედეგი, რადგან ეს მათთვის მიუღებელია“.
2014 წლის 28 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი დააკავეს და 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით. ისინი ბრალდებებს უარყოფდნენ. 2016 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო გაფლანგვაში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით, 2017 წლის იანვარში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ გაფლანგვის ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა და 7-წლიანი პატიმრობა 1.5 წლამდე შეუმცირა. 2017 წლის თებერვალში, მათ უზენაეს სასამართლოს მიმართეს, რომელმაც მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. საბოლოოდ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისინი შეიწყალა, რის შემდეგაც ისინი 2017 წელს პატიმრობიდა გათავისუფლდნენ. გათავისუფლების მიუხედავად, მომჩივნებმა საქმე სტრასბურგში წაიღეს, რომელმაც 2025 წლის 11 თებერვალს დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ე.წ. „კაბელების საქმეს“ მმართველი „ქართული ოცნების“ კოალიციის გახლეჩა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოყვა, რის შემდეგაც მისმა ორმა თანაგუნდელმა მინისტრის პოსტები დატოვა.
ალასანიამ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი, რასაც შეთანხმება უნდა მოყოლოდა, „დღესაც ძალაშია“. „ფანჯარა დატოვებულია“, – აღნიშნა მან და შეთანხმების დაბლოკვის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შეთანხმება რომ გაეფორმებიდა, „ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება იქნებოდა ბევრად უფრო დაცული“, დასძინა ალასანიამ.