“ავერსი” ახალ კლინიკაში 1000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს – პროექტის ღირებულება $50 მილიონია

News.ge 1 დღე წინ 12
“ავერსი” ახალ კლინიკაში 1000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს – პროექტის ღირებულება $50 მილიონია

კომპანია “ავერსი ფარმა” თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და “ავერსის” ცენტრალური კლინიკის მახლობლად ახალი კლინიკის მშენებლობას გეგმავს. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, პროექტზე სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. უძრავი ქონება კომპანია “ავერსი ფარმას” საკუთრებაშია.
როგორც “ავერსის” კლინიკის დირექტორი, დიმიტრი ჯორბენაძე BMG-სთან აცხადებს, ახალი საავადმყოფო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში. მისი თქმით, პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შეადგენს და დამატებით 1000-1200 ადამიანი დასაქმდება.
“ავერსის კლინიკაში მაღალია მომართვიანობა, ამიტომ გაფართოება აუცილებელი გახდა. ეს იქნება მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და გახდება რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება”, – აღნიშნა ჯორბენაძემ.
ახალი კლინიკა 200 საწოლზე იქნება გათვლილი და ექნება სრული პროფილის დიაგნოსტიკური, სამეცნიერო და სასწავლო ბაზა. ის მოიცავს 14 მიწისზედა და 4 მიწისქვედა სართულს, ხოლო მისი საერთო ფართი შეადგენს 37,671 კვადრატულ მეტრს. მშენებლობის პროცესი 42 თვეში უნდა დასრულდეს.
გაფართოების ფარგლებში “ავერსი” გეგმავს სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ამ მიმართულებით კლინიკა უკვე აქტიურად მუშაობს, თუმცა ახალი პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოზიციებს საერთაშორისო ბაზარზე.
“საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დაემატება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტებით და აპარატურით აღჭურვილი კლინიკა, რაც გაზრდის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხს”, – აღნიშნავს დიმიტრი ჯორბენაძე.
კომპანიის სამომავლო გეგმებში ასევე შედის რეგიონებში დიაგნოსტიკური ცენტრების გახსნა. ამჟამად გორში მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრის მშენებლობა, რომელიც 2025 წლის ბოლოს ამოქმედდება, ხოლო რუსთავში მსგავსი ცენტრის მშენებლობა 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.
“ავერსი ფარმას” საკუთრებაში მეწილეები არიან პაატა კურტანიძე (67%) და ნიკოლოზ კურტანიძე (33%).
კომპანიის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ავერსის შემოსავალი კლინიკების ოპერირებიდან 172 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯგუფის შემადგენლობაში შედის: ავერსის კლინიკა; ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი; აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა; მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა და კლინიკა მედკაპიტალი.

სრულად წაიკითხეთ სტატია