
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ ექს-დირექტორის და რიტეილ-ექსპერტ მირანდა მანჯგალაძის აზრით, ადგილობრივი რძის ნაწარმი იმპორტირებული პროდუქციით არ უნდა ჩანაცვლდეს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ე.წ. „რძის სკანდალით“ გამოწვეულ პრობლემასა და გამოსავლის ძიებაზე საუბრისას განაცხადა.
რიტეილ-ექსპერტი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენისგან რძის მწარმოებელ-გადამმუშავებლები არცერთ ქვეყანაში არაა დაზღვეული.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაგალითად, „სანტე“ და „აგროჰაბი“ იცავენ სტანდარტებს. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ წუნდებულ რძეს უკან აბრუნებდნენ და ასევე, ყველა მიმწოდებლისგან არ იღებდნენ რძეს. არ მინდა, მოქალაქეების გაღიზიანება გამოვიწვიო, მაგრამ არცერთ ქვეყანაში არცერთი კომპანიაა ასეთი ფაქტებისგან დაცული.
არავითარ შემთხვევაში, არ ვეთანხმები იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია ჩანაცვლდეს იმპორტირებულით. ამ დღეების განმავლობაში ზოგიერთი სავაჭრო ობიექტისგან მოვისმინე ინფორმაცია, რომ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნების რძეს ვყიდით, რომელიც 100%-ით ნედლი რძისგანაა დამზადებული, ნატურალურია და ა.შ.
გასაგებია, რომ ცდილობენ, ადგილობრივის ჩანაცვლება იმპორტირებულით მოხდეს, რომელიც უფრო მაღალმარჟიანია. მომხმარებელიც დაბნეულია და ჰგონია, რომ ადგილობრივი წარმოება საფრთხის შემცველია და იმპორტირებული – არა, თუმცა ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას – თუ დააკვირდებით კონკრეტულ პროდუქტს და მის ვადიანობას, სწორედ, რომ ხანგრძლივი ვადით ხასიათდება იმპორტირებული პროდუქტი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დანამატები რათა თავი შეინახოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არც თუ ისე სასარგებლო უნდა იყოს ორგანიზმისთვის“, – ამბობს მირანდა მანჯგალაძე.
მისი თქმით, მთავარია, საქართველომაც გაიაროს ის გზა, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპულმა ბიზნესებმა გაიარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული პროდუქტი ასოცირდება ხარისხთან.
(bm.ge)