V-Dem-ის 2025 წლის ანგარიში: საქართველომ 2024 წელს დემოკრატიის კუთხით უდიდესი  გაუარესება განიცადა

Civil Georgia 1 თვე წინ 18
V-Dem-ის 2025 წლის ანგარიში: საქართველომ 2024 წელს დემოკრატიის კუთხით უდიდესი  გაუარესება განიცადა

შვედურმა კვლევითმა ორგანიზაციამ V-Dem Institute-მა თავის 2025 წლის ანგარიშში, რომელიც 2024 წელს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის აფასებს, საქართველო „საარჩევნო ავტოკრატიად“ მოიხსენია. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით ვითარება ყველაზე მნიშვნელოვნად 2024 წელს გაუარესდა. V-Dem-ის თანახმად, საქართველოს დემოკრატიული გაუარესება 2018 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან 2017 წლამდე პროგრესი შეინიშნებოდა.

V-Dem-ის ანგარიშში ასევე საუბარია გარე ჩარევაზე, კონკრეტულად რუსეთის ჩარევაზე საქართველოს საარჩევნო პროცესში. „საქართველოში, საარჩევნო დარღვევებმა და რუსეთის ჩარევამ საარჩევნო პროცესში უბიძგა ევროპარლამენტს არ ეღიარებინა არჩევნების შედეგი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ორი სახელმწიფოსგან – მონტენეგროსა და პოლონეთისგან განსხვავებით, რომლებიც დემოკრატიზაციისკენ მიიწევენ, საქართველო ახლა რეგიონის რვა ქვეყანას შორისაა, სადაც ავტოკრატიზაცია მიმდინარეობს.

„აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონის მოსახლეობის 65% საარჩევნო ავტოკრატიებში ცხოვრობს, როგორიცაა უნგრეთი, რუსეთი და სერბეთი. საქართველო ამ სიას 2024 წელს შეუერთდა და საარჩევნო დემოკრატიიდან ჩამოქვეითდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

სომხეთთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, რუმინეთთან, უკრაინასა და სერბეთთან ერთად, საქართველოც განიხილება განსაკუთრებით დაუცველად რუსეთის გავლენის მიმართ, პოლიტიკური ჩარევის, ეკონომიკური დამოკიდებულების, სამხედრო ზეწოლისა და საარჩევნო პროცესებში ჩარევის გზით, ნათქვამია ანგარიშში.

საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც არჩევნების სამართლიანობა მნიშვნელოვნად გაუარესდა წლის განმავლობაში. „იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2024 წელს არჩევნები ჩატარდა და სადაც ეს არჩევნები ბევრად უფრო ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვიდრე ათი წლის წინ, არიან კომორის კუნძძულები, საქართველო და მოზამბიკი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„2024 წლის საარჩევნო პროცესი გაყალბებისა და მასობრივი პროტესტის ბრალდებებით იყო სავსე; ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპოზიცია კრიმინალურ ძალად შეაფასა, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით დაემუქრა, მომიტინგეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დააპატიმრა და ბრალი წარუდგინა, ასევე შემოიღო ახალი კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია მედიის მიკერძოება და ნათქვამია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ოპოზიციური პარტიები და კანდიდატები მზარდ დისკრიმინაციას განიცდიდნენ მმათველი პარტიის სასარგებლოდ. 2024 წლის არჩევნების დროს ეუთო-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს „მედიაში აშკარა პოლიტიკური მიკერძოება და მიუკერძოებელი გაშუქების სამართლებრივი მოთხოვნის უგულებელყოფა“.

არჩევნების ირგვლივ მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინდიკატორების შეფასების კონტექსტში, ანგარიშში მოყვანილია, რომ საქართველოში „ეუთოს მისიამ გამოავლინა აშკარა პოლიტიკური მიკერძოება მედიაში და მიუკერძოებელი გაშუქების სამართლებრივი მოთხოვნის უგულებელყოფა“.

საქართველო იმ 19 ქვეყანას შორისაა, სადაც ხელისუფლება სამართლებრივ და ფინანსურ ბარიერებს აწესებს პარტიების ფორმირების პროცესში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის კონტროლს პოლიტიკურ გარემოზე.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია