TI საქართველო: „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებს

Civil Georgia 3 დღის წინ 1
TI საქართველო: „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებს

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების ესკალაციის ტენდენციის შესახებ გააფრთხილა და „განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციად“ მმართველი ძალის მხრიდან სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზება  დაასახელა. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს დაფიქსირებული შემთხვევების 40% (33) სწორედ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებებს ეხება.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აქტიურად გამოიყენება ქვეყანაში არსებულ საშუალო შემოსავლის დონესთან არაადექვატურად მაღალი ჯარიმები, რაც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი ეფექტიან ინსტრუმენტებად იქნა გამოყენებული ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად. ორგანიზაციამ ეს დარღვევები სამ ძირითად სფეროდ დაყო: უკანონო დაკავებები, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა და ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“.

ჟურნალისტების უკანონო დაკავება

ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა ონლაინ მედია საშუალებების „ბათუმელები/ნეთგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გახმაურებულ საქმეზე, რომელიც 11-12 იანვარს პროევროპული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება აჭარის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე სავარაუდო თავდასხმისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ ამაღლობელი „ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო“.

ორგანიზაცია უკანონო დაკავების კიდევ რამდენიმე მაგალითებს ასახელებს, მათ შორის:

  • „ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას გამოძიება სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში მკაფიოდ ჩანდა, რომ იგი დაკავების მომენტში, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა;
  • „ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი „ძალადობრივად და უკანონოდ“ დააკავეს. ორგანიზაციის თქმით, იგი სასამართლომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 2 500 ლარით დააჯარიმა. 1 მაისს იგი დამატებით 3 000 ლარით დააჯარიმეს „ფეისბუქის“ პოსტით პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით;
  • გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი, საბა სორდია 6 აპრილს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებისას, სორდიას სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და განუმარტა, რომ იგი ჟურნალისტი იყო, წინასწარი დაკავების იზოლატორში მაინც გადაიყვანეს და იქ ყოფნის ვადაც 48 სთ-მდე გაუხანგრძლივეს. მოგვიანებით, სასამართლომ იგი 2 500 ლარით დააჯარიმა.

ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ სასამართლომ დამკვიდრებულ პრაქტიკად აქცია იმ ჟურნალისტების სამართალდამრღვევებად გამოცხადებაც, რომლებიც საპროტესტო აქციებისას თავად გახდნენ სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.

ანგარიშში მოყვანილია „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის საქმე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს 19 ნოემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს. სასამართლომ მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ანალოგიურად, 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დამნაშავედ ცნო 29 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აღნიშნა, რომ ქეშელაშვილი პროფესიულ საქმიანობის განხორციელებისას სპეცრაზმელებმა უკანონოდ დააკავეს და სასტიკად სცემეს. მას სახის მიდამოში ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

ორგანიზაციამ ასევე ხაზი გაუსვა ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესებით დასჯის ტენდენციას. 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა გამოცემა „მთის ამბების“ დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი, ასევე „ქუთაისი პოსტის“ ორი ჟურნალისტი – ეკა კუხალაშვილი და ხვიჩა ვაშაყმაძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან მიტინგის გამართვის გამო. ისინი მოსამართლის მიერ მზია ამაღლობლის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას აპროტესტებდნენ.  

ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“

ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს შსს-ს კიდევ ერთი „მავნე პრაქტიკას“, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, გზის გადაკეტვის საბაბით ჟურნალისტების 5 000 ლარით დაჯარიმებაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე 20-ზე მეტი ასეთი შემთხვევა აღრიცხა. ზოგიერთ შემთხვევაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ერთი და იგივე ჟურნალისტი რამდენჯერმეც კი დააჯარიმეს. მაგალითად, გამოცემა „OC Media-ს“ ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს უკვე 4 ასეთი ჯარიმა გამოუწერეს.

მართალია, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ჟურნალისტური საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ, სამინისტრო ამგვარი საქმეების წარმოებას წყვეტს, თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმების მასობრივი გამოწერა მსუსხავი ეფექტის მატარებელია და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანი ერთგვარი თვითცენზურის დაწესებაა.

„დამოუკიდებელი მედიის მიმართ გახშირებული ძალადობის შემთხვევებისა და გაძლიერებული ღია რეპრესიების ფონზე, კიდევ უფრო მკაფიოა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა, რაც ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია აფრთხილებს, რომ ჟურნალისტების დევნის პრაქტიკა „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის „მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი ველის სრულად მოსუფთავება და გაქრობაა“. მიუხედავად ამისა, „ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული დამოუკიდებელი მედია აქტიურად იბრძვის ძალადობრივი სისტემის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და მწირი რესურსებით ოპერირობის პირობებშიც კი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას და სამთავრობო პროპაგანდის საპირწონე, ალტერნატიული საინფორმაციო ველის შექმნას“.

სრულად წაიკითხეთ სტატია