TI საქართველო თავისი სახელით ოქტომბრის არჩევნებს ვერ დააკვირდება

Civil Georgia 2 თვის წინ 73
TI საქართველო თავისი სახელით ოქტომბრის არჩევნებს ვერ დააკვირდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ თავისი სახელით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ვერ დააკვირდება მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლითაც ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების შეჩერებაზე მისი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, „სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე“.

განცხადებაში ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს იმის თაობაზე, რომ ის პოლიტიკურ პარტიასთანაა გათანაბრებული მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის. „ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე გვავალდებულებს  სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა“, – ნათქვამია TI საქართველოს განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო არ აღიარებს აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ აღნიშნულ სტატუსს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ორგანიზაცია და არც ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს. ასევე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს. ამდენად, არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას“, – აცხადებს ორგანიზაცია.  

მისი თქმით, „ორგანიზაციის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ დაანონსებული კოალიციური დაკვირვებისა და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“.   

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი არ გაგვიუქმეს,  მოკლებული ვართ შესაძლებლობას უშუალოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”  სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ.  ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება“, – აცხადებს ორგანიზაცია.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აცხადებს, რომ მისი  თითოეული თანამშრომელი გამოიყენებს საკუთარ „გამოცდილებას, ცოდნას და ინტელექტუალურ რესურსს, რათა სადამკვირვებლო მისიას „ჩემი ხმა” და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დავეხმაროთ არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში“. „ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისათვის! ჩვენ დავიცავთ ყველას ხმას!“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია