ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობს და რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირში მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, ქვეყანაში არ შეუშვეს, განაცხადა „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF). ორგანიზაციამ ამ გადაწყვეტილებას “თვითნებური” და “პოლიტიკური” უწოდა და მისი გაუქმებისკენ მოუწოდა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ ნილის გაძევებას წინ უძღოდა სიძულვილის კამპანია ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკოსებისა და მედია საშუალებების მხრიდან, ჟურნალისტის მიერ საქართველოს სახელისუფლებო წრეებთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების საპასუხოდ. ნილი 2024 წლის აპრილში ცილისწამების კამპანიის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომელიც დეტალურად აღწერდა ბიზნეს კავშირებს დიდი ბრიტანეთის კერძო საინვესტიციო ჯგუფ Hunnewell Partners-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს შორის. ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის ახლო ბიზნესპარტნიორია.
ჟურნალისტმა RSF-ს მის წინააღმდეგ ამ ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ უამბო და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებისა და სახელისუფლებო მედია საშუალებების განცხადებები ერთმანეთს ემთხვეოდა და მათი მიზანი ჟურნალისტის „სოროსის აგენტად“ წარმოჩენა იყო.
ნილი ამჟამად ერევანშია ჩარჩენილი და არ აქვს წვდომა თავის პირად ნივთებზე, რომლებიც თბილისში დარჩა.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟან კავალიემ განაცხადა, რომ „უილ ნილის საქმე საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების ახალ ეტაპს აღნიშნავს და ნათლად ასახავს ხელისუფლების სტრუქტურების მიერ ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტური შემოწმების უარყოფას“. მან დაგმო „პოლიტიკურად მოტივირებული“ აკრძალვა ქვეყანაში შემოსვლაზე. „ბრიტანეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგებინოს საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთის მოქალაქის ერთ-ერთი უფლების ამ დარღვევისთვის“, – დასძინა მან.
უკვე არაერთი შემთხვევა მოხდა, როდესაც აქტივისტებს, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ბოლო ასეთი შემთხვევის დროს, 21 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი ქვეყანაში არ შემოუშვეს. მართალია, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შემოსვლაზე უარი „ტექნიკურ ხარვეზს“ უკავშირდებოდა და რომ ეს მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა, ოპონენტებმა უკვე გამოხატეს შეშფოთება დასავლელი დიპლომატების მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მტრული რიტორიკის ზრდის გამო.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/05/2025 – ბელარუსი აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 20/03/2025 – ლიეტუველი უფლებადამცველი საქართველოში არ შემოუშვეს
- 31/03/2025 – ფრანგი ფოტოჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 23/10/2024 – ჩეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს