ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ოპოზიციისა ლიდერებისა და აქტივისტების დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების, ასევე მათ სახლებსა და ოფისებში პოლიციის რეიდების გამო.
„ძალადობასთან და დაკავებების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებასთან ერთად, ეს კითხვებს აჩენს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და სამართლის შესაძლებლობაზე, რისი ადგილიც არაა კანონის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში”, – აცხადებენ ისინი. .
თანამომხსენებლებმა ასევე დაგმეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების, წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე, და განაცხადეს: „როგორც ჩანს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის დაუსჯელობის განცდა არსებობს, რაც დაუშვებელია”. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
თანამომხსენებლებმა ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს პოლიციის მიერ ძალადობისა და გადაჭარბებული ძალის გამოყენების ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და პასუხისმგებელმა პირებმა კანონის წინაშე სრულად აგონ პასუხი. „ასეთი საზარელი საქციელისთვის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
PACE-ს პრესრელიზის თანახმად, თანამომხსენებლები თბილისს ფაქტების დამდგენი ვიზიტით იანვრის დასაწყისში ესტუმრებიან.