OCCRP: არჩევნების წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი კახა კალაძის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

Civil Georgia 1 დღე წინ 15
OCCRP: არჩევნების წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი კახა კალაძის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა თბილისში ფეხბურთის მატჩს დაესწრო, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურისა და თბილისის მერის, კახა კალაძის ორგანიზებით 26 ოქტომბრის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაიმართა, განაცხადა OCCRP-მ, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ 20 თებერვალს.

მონტელაც და კალაძეც ყოფილი ფეხბურთელები არიან. ორივენი კლუბ „მილანში“ თამაშობდნენ და ძველი მეგობრები არიან. OCCRP-ის ინფორმაცია კითხვებს აჩენს მონტელას მიუკერძოებლობისა და ეუთოს წესების დაცვასთან დაკავშირებით, რადგან ცნობილია, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში საქართველოში. ამავე ინფორმაციის თანახმად, „როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, ის არა მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით იღებდა მონაწილეობას, არამედ მისიის ადმინისტრირებაშიც ეხმარებოდა და მონაწილეობდა დახურულ კარს მიღმა თავდაპირველი პოსტსაარჩევნო ანგარიშის ფორმულირების განხილვაში“.

„არ არის მიზანშეწონილი ისეთ სიტუაციებში მონაწილეობა, რომელშიც პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მიმდინარეობს უაღრესად მგრძნობიარე დისკუსია საქართველოს შესახებ“, – განაცხადა იოჰან ბუზერმა, საპარლამენტო ასამბლეის ხაზინადარმა, როგორც მას OCCRP ციტირებს.

ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ არჩევნები ზოგადად „კარგად იყო ადმინისტრირებული“, მაგრამ ჩატარდა „სერიოზული შეშფოთების“ ფონზე, რომელიც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლას. როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია თავიანთი პოზიციების მხარდასაჭერად ანგარიშს მოიშველიებენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის კოდექსი პერსონალს ავალდებულებს „თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება ეჭვი შეიტანოს მათ მიუკერძოებლად მოქმედების უნარში“. არჩევნების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, „ინტერესთა ნებისმიერი პოტენციური კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება ეჭვები გააჩინოს, ერთი შეხედვით, გონივრული და ნეიტრალური პიროვნების თვალში… კანდიდატს დამკვირვებლად ყოფნის უფლებას ართმევს“.

მონტელამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილა. მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიუღია. „მილანის ლეგენდების მოწვევა მივიღე მილანის რამდენიმე ყოფილ ფეხბურთელთან ერთად, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიცნობ“, – ციტირებს OCCRP მონტელას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ ასევე უარყო, რომ მონტელამ დაარღვია დამკვირვებელთა ქცევის კოდექსი. კაუმამ განაცხადა, რომ ვიზიტის შესახებ მან წინასწარ იცოდა და დასძინა: „ჩვენ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები, ვიცნობთ ბევრ დაინტერესებულ მხარეს იმ ქვეყნებში, სადაც ვაკვირდებით. ზოგიერთთან ჩვენ ახლო მეგობრობა გვაკავშირებს“. მისი თქმით, ეს არ აისახება დამკვირვებლების ფუნქციებზე.

თავად კაუმაც აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, როცა 6 იანვარს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუწია მას შემდეგ, რაც 8 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ანონსს ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ისინი პრეზიდენტ კაუმას აფრთხილებდნენ, რომ ვიზიტს „ქართული ოცნება“ გამოიყენებდა ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად მთავრობისა და პარლამენტისთვის, რომელთაც ოპოზიცია და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა, არ ცნობენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, უარი თქვეს დელეგაციასთან შეხვედრაზე.

OCCRP-ის სტატიაში მოყვანილია ექსპერტების ციტატები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი შეხედვით არაპოლიტიკურ მოვლენებს კვლავ პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

ქართული ოცნება „იყენებს მოწვევებს გახმაურებულ და ხშირად ექსკლუზიურ ღონისძიებებზე, რათა მოიზიდოს უცხოელი ოფიციალური პირები და საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ გადმოიბიროს“, ამბობს ანტონ შეხოვსტოვი, ვენის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

„კალაძე პირდაპირ იყენებს ფეხბურთში არსებულ გამოცდილებას პოლიტიკური მიზნებისთვის“, – წერს ჰანს გუტბროდი, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევების პროფესორი.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები არ მიიჩნევენ არც თავისუფლად და არც სამართლიანად. სადავო არჩევნების შედეგად პარლამენტი და „ქართული ოცნების“ მთავრობა ლეგიტიმაციის პრობლემის წინაშე დგანან. ამ ლეგიტიმაციას კიდევ უფრო უთხრის ძირს გაძლიერებული რეპრესიები და საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა, რის შედეგადაც ასობით ადამიანს აკავებენ და სცემენ. მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა.

სრულად წაიკითხეთ სტატია