NGO-ები: ხელისუფლება აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს

News.ge 1 კვირა წინ 13
NGO-ები: ხელისუფლება აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეებში ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს.
მათი თქმით, ცხელ ხაზზე მუდმივად შედის შეტყობინებები, რომ პოლიცია საპროცესო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა უფლებებს ხელყოფს.
NGO-ები აცხადებენ, რომ პოლიციის მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა, იძულებით გამოკითხვა და ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
“კერძოდ, პოლიციელები აქციაში მონაწილე მოქალაქეების მისამართზე მიდიან, მათ ან მათი ოჯახის წევრებს ეუბნებიან, თითქოს უწყების ჩაბარება სურთ და ითხოვენ ბინაში შეშვებას, შემდგომ კი იძულებით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ და საფუძვლის განმარტების გარეშე, გადაჰყავთ ისინი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. მათი გამოკითხვაც იძულებით მიმდინარეობს. ადვოკატებს არ ეძლევათ მოქალაქეებთან შეხვედრისა და წარმომადგენლობის გაწევის შესაძლებლობა.
ადვოკატებმა გასული დღეების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს იძულებით გადაყვანილ პირებთან შესვლა, თუმცა, უშედეგოდ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად უთითებს, რომ გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია, გამოსაკითხ პირს თავიდანვე განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია და რომ მას ასევე უფლება აქვს, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
ჩვენების მიცემა სავალდებულო მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან დაბარების დროსაა, რაც პოლიციის ზემოაღნიშნულ ქმედებებს უკანონოს ხდის.
ამრიგად, პოლიციის მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა, იძულებით გამოკითხვა და ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი არასამთავრობები:
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
· საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
· ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
· უფლებები საქართველო
· დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
· საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
· უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი
· სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
· პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
· სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სრულად წაიკითხეთ სტატია