IRI „ფუნდამენტურად ხარვეზიან“ არჩევნებზე საუბრობს და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

Civil Georgia 1 კვირა წინ 5
IRI „ფუნდამენტურად ხარვეზიან“ არჩევნებზე საუბრობს და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიამ 23 დეკემბერს საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც არჩევნები „ფუნდამენტურად ხარვეზიანი“ იყო. საბოლოო ანგარიში მოიცავს ორგანიზაციის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს. „მისიის მიგნებებზე დაყრდნობით და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით, მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს“, – განაცხადა IRI-ის პრეზიდენტმა დენიელ ტვაინინგმა

არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება

IRI-ის ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხების შემოწმების ფუნქციების გადატანამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან (SAO) ანტიკორუფციულ ბიუროზე (ACB), რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა, შექმნა არასანდო გარემო, რომ ACB შეიძლება გამოყენებულიყო ოპოზიციური გაერთიანებების წინააღმდეგ.

საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ (LPU) ცვლილებებმა, რომლებიც პარტიებს უკრძალავდა იურიდიული პირებისგან შემოწირულობების მიღებასა და წინასაარჩევნო ბლოკების ფორმირებას, კანდიდატებს აიძულებდა საკუთარი პარტიების დატოვებას, ერთიან სიაში გაერთიანების შემთხვევაში. საჯარო დაფინანსების მისაღებად საჭირო ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გათვალისწინებით, ეს ცვლილებები მცირე პარტიებისთვის ასუსტებდა გაერთიანებისა და მანდატების ბრძოლის მოტივაციას.

დოკუმენტის თანახმად, მედიის რეგულაციების ისეთი განმარტებები, რომლებიც პარტიებს უფასო ეთერის მიწოდებას და უფასო ეთერის განაწილების ფორმულას უზღუდავდა, ოპოზიციურ პარტიებს უმცირებდა ამომრჩევლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. „ქართული ოცნება, რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობით სარგებლობდა, გავლენას ახდენდა რამდენიმე მედიასაშუალებაზე, რათა დაეკავებინა გაბატონებული მდგომარეობა პოლიტიკურ ნარატივში. მმართველი პარტია ასევე იყენებდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს საპარლამენტო კანდიდატების პოპულარიზაციისთვის. ამასთან, სახელმწიფო რესურსები გამოიყენებოდა საჯარო მოხელეებისა და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების მობილიზებისთვის საკუთარ პარტიულ აქციებზე დასასწრებად, რითაც მომეტებული ზეწოლა ხორციელდებოდა საჯარო მოხელეებზე, რომ ჩართულიყვნენ პარტიულ აქტივობებში. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობებით, ქართულმა ოცნებამ წამოიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია მოქალაქეების მონაცემების შესაგროვებლად, სავარაუდოდ, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით, რაც არღვევდა ამომრჩეველთა კონფიდენციალურობას. ამგვარი სამთავრობო ქმედებები ქმნიდა არათანაბარ პირობებს და არღვევდა არჩევნების სამართლიანობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება

ორგანიზაცია აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იყო, თუმცა დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება, განსაკუთრებით სოფლის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ინსტიტუციური დაცვის არაეფექტიანობამ საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების შესაძლებლობას გამოეყენებინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. დაშინების ტაქტიკა, როგორიცაა ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების იძულებითი მოპოვება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა.

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების არსებობა და სპეციალური კალმების გამოყენება, რაც ბიულეტენების ფარულობას არღვევდა, აღვივებდა შიშს ამომრჩევლებში. „ამ ფაქტორებმა შეარყია ნდობა საარჩევნო პროცესის და ფუნდამენტური პოლიტიკური უფლებების დაცვის მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.  

საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცებამ კიდევ უფრო შეამცირა ნდობა საქართველოს საარჩევნო პროცესის მიმართ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) განხორციელებულმა ცვლილებებმა, საზოგადოებაში ეჭქვეშ დააყენა ამ სტრუქტურის დამოუკიდებლობა. როგორიც იყო მაგალითად ოპოზიციის მიერ ნომინირებული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან მოხსნა და შიდა კენჭისყრის ბარიერების შემცირება, რამაც გაზარდა ცესკოს მიკერძოების ეჭვი.

„გარდა ამისა, ცესკოს სადავო დადგენილებამ, რომელიც საარჩევნო უბნის წევრების დანიშვნას ერთი კვირით ადრე ითვალისწინებდა და რომელსაც სასამართლომ მხარი დაუჭირა, მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ეს გადაწყვეტილება მმართველ პარტიას აძლევდა პროცესებზე ზეგავლენის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა. საგამოძიებო ორგანოების არასაკმარისი რეაგირება, მიკერძოებული მართლმსაჯულება და საარჩევნო დავების გადაწყვეტის არასაკმარისი მექანიზმებმა კიდევ უფრო შეამცირა პროცესისადმი ნდობა და წვლილი შეიტანა საარჩევნო შედეგების უარყოფაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით, რამაც დააკნინა პროცესის სანდოობა. „დაკვირვებით გამოვლინდა ამომრჩეველთა იძულებისა და შედეგებზე მანიპულირების რთული ტაქტიკის მთელი სპექტრი. მათ შორის იყო მზაკვრული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვებას, მათზე ზეწოლას, თვალთვალსა და ხმის ფარულობის დარღვევას ისახავდა მიზნად“, – აცხადებს ორგანიზაცია. „ამ ყველაფერს ემატებოდა არჩევნების დღეს განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომლებიც მოიცავდა ამომრჩევლებზე თვალთვალის კოორდინირებულ მცდელობებს, იძულებას, ხმების ყიდვას, ე.წ. „კარუსელს,“ ბიულეტენის ფარულობის დარღვევას, მარკირების პროცედურაში ჩარევასა და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნას. საარჩევნო დავების მოგვარების არაეფექტიანმა მექანიზმებმა კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არჩევნების შემდეგ გრძელვადიან არასტაბილურობაში გადაიზარდა“.

„დემოკრატიული პრინციპი, რომ საზოგადოებამ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიის სტაბილურობისა და ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ ამისათვის საჭიროა ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა. ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია