ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილე ქალების მიმართ გენდერული ძალადობისა და შურისძიების მზარდი ტენდენცია გამოავლინა. ორგანიზაცია აფრთხილებს, რომ ხელისუფლება უკანონო და გაშიშვლებით დამამცირებელ ჩხრეკას, სექსუალური ძალადობის მუქარას და ქალების მიმართ სექსისტურ შეურაცხყოფას იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშინებლად და დასასჯელად.
„ხელისუფლება შესაძლოა იმედოვნებდა, რომ ქალების დაშინებით, სექსუალური ძალადობის მუქარით, საცხოვრებელი სახლების უკანონო ჩხრეკით, უკანონო გაშიშვლებითა და თვითნებური დაკავებებით შეძლებდა მათ დაშინებას და პროტესტის ჩახშობას“, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა. „თუმცა, ამის ნაცვლად, უფრო მწვავე საპასუხო პროტესტი მიიღეს, სადაც ქალები საჯაროდ უპირისპირდებიან ძალადობას და ითხოვენ სამართლიანობას. საქართველოს ქალებმა სახელისუფლებო რეპრესიები მშვიდობიანი წინააღმდეგობისა და სოლიდარობის სტიმულად გარდაქმნეს“.
სახელმწიფო ძალადობა და გაშიშვლებით დამამცირებელი ჩხრეკა
Amnesty International-ის დოკუმენტში აღწერილია საპროტესტო აქციებში მონაწილე ქალების მიმართ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე შემთხვევა. მათ შორისაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავება, ფეისბუქ ჯგუფის „დაიტოვეს“ თანადამფუძნებლის, ქრისტინა ბოტკოველის სახლში მოწყობილი საპოლიციო ჩხრეკა და აქტივისტ ნინო მახარაძის დაკავება.
ორგანიზაციის თქმით, სამივე ქალი დამამცირებლად გააშიშვლეს და ისე გაჩხრიკეს, რაც „არღვევს არამხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს გენდერული ნიშნით ძალადობას და ჩხრეკის დროს სრულ გაშიშვლებას, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და სტანდარტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის ღირსების დაცვას“.
გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა და დაშინება
Amnesty International-ი აცხადებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გენდერული ნიშნით შეურაცხყოფადა სექსუალური ძალადობის მუქარა კიდევ ერთი გავრცელებული ტაქტიკაა, რომელსაც „სამართალდამცავები დაშინების და დევნის მიზნით იყენებენ“. ორგანიზაციის თქმით, მისი წარმომადგენელი 2025 წლის 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართული დემონსტრაციის დროს პირადად გახდა მოწმე, როგორ მიმართავდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს, მათ შორის ქალებს სექსისტური, შეურაცხმყოფელი და უშვერი სიტყვებით, ამცირებდნენ და ემუქრებოდნენ მათი ოჯახის წევრებზე აპელირებით. რამდენიმე ქალის თქმით, ნიღბიანი პოლიციელები მათ გაუპატიურებით და სხვა სახის სექსუალური ძალადობითაც ემუქრებოდნენ.
ორგანიზაციამ ასევე გაამახვილა ყურადღება ნათია ძიძიგურის საქმეზე, რომელიც 2024 წლის 19 ნოემბრის დემონსტრაციის დროს დააკავეს და პოლიციის მიკროავტობუსში აიძულეს, „მუხლებზე მდგარიყო კაცების გარემოცვაში, ხოლო პოლიციელები მის მიმართ სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფას და ჟესტებს იყენებდნენ“.
ორგანიზაცია ასევე საუბრობს დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე და აცხადებს, რომ იგი პოლიციის მხრიდან სექსისტური ძალადობის მსხვერპლი გახდა და რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა მას, სავარაუდოდ, შეაფურთხა და ძალადობით დაემუქრა. ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ისმის, როგორ ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს მისი დაკავების დროს, ეს ფაქტი სრულიად უგულებელყოფილია სასამართლოს მიერ.
სისტემური ძალადობა და არა ცალკეული სამართალდარღვევის შემთხვევები
დენის კრივოშეევმა განაცხადა, რომ „უკანონო, პირადი სივრცის ხელმყოფი და ღირსების შემლახავი გაშიშვლება და ჩხრეკა საქართველოში დემონსტრანტების, განსაკუთრებით კი პროტესტში მონაწილე ქალების დამცირების და დაშინების ინსტრუმენტად იქცა“. მან მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ „დაუყოვნებლივ აღკვეთოს სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალის უკანონო გამოყენება, გენდერული ძალადობის ჩათვლით. ხელისუფლება ვალდებულია, ეფექტიანად გამოიძიოს საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ყველა კანონდარღვევა თუ დანაშაული და უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება როგორც სამართალდამცველების ასევე სახელმწიფო დონეზე“.
რეკომენდაციები
ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას:
- უზრუნველყოს წამებისა და სხვა დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, ყურადღება მიაქციოს გენდერულ ძალადობას და ქალების წინაშე არსებული არასათანადო მოპყრობის გაზრდილ რისკს;
- შეწყვიტოს თვითნებური ჩხრეკის პრაქტიკა, მათ შორის ინტრუზიული, უკანონო გაშიშვლებით ჩხრეკა და მიიღოს მკაფიო წერილობითი პოლიტიკა, რომელიც ახსნის სამართლებრივ საფუძვლებსა და კონკრეტულ პროცედურას;
- ეფექტურად გამოიძიოს გენდერული ძალადობისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება;
- გამოძიების პროცესში უფლებამოსილება შეუჩეროს ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს;
- უზრუნველყოს მსხვერპლთათვის ზიანის ანაზღაურება, მათ შორის კომპენსაცია და რეაბილიტაცია.
ასევე წაიკითხეთ: