2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 15.6%-ით გაიზარდა

Civil Georgia 3 კვირის წინ 18
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 15.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მიერ 19 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 567.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 4%-ით გაიზარდა და 835.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 19.6%-ით, 2 732.2 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-თებერვალში 1 896.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.2%-ია.

2025 წლის იანვარ-თებერვალში  ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (166.6 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (100.7 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (97.7 მლნ აშშ დოლარი).  

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 75.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (478.3 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (344.3 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (337.9 მლნ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-თებერვალში  წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.6% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 326.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 12.0%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 202.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4%).

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 285.2 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 39.7 მლნ. აშშ დოლარით (4.7%). საპირტიანი სასმელები კი მესამე ადგილზეა 29.4 მლნ აშშშ დოლარით (3.5%).

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია