2024 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობა 17.6%-ით შემცირდა

News.ge 21 საათი წინ 4
2024 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობა 17.6%-ით შემცირდა

2024 წლის მონაცემებით, საქართველოში 54 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 43 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 7 – თოჯინების, 2 – ოპერისა და ბალეტის, ხოლო 2 – ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა თეატრი. თეატრების უმრავლესობა (53.7 პროცენტი) ფუნქციონირებდა ქ. თბილისში, 14.8 პროცენტი – იმერეთში, ხოლო დარჩენილი 31.5 პროცენტი სხვა რეგიონებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წელს ქვეყანაში 4.8 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 177 იყო გასვლითი (ქალაქის გარეთ). საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 136 ერთეული შეადგინა. 2024 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით შემცირდა და 4 518 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების დაახლოებით ორი მესამედი (69.4 პროცენტი) ქ. თბილისში ჩატარდა.
2024 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 17.6 პროცენტით შემცირდა და 636.1 ათასი შეადგინა. მაყურებელთა ორი მესამედი (66.2 პროცენტით) ქ. თბილისზე მოდის, ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმერეთია (10.3 პროცენტით).
2024 წელს საქართველოში 261 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 104 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 74 ერთეული – ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 23 ერთეული – ხელოვნების, 13 ერთეული – მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული – ლიტერატურულს, ხოლო 45 – სხვა სახის მუზეუმს.
2024 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა ქ. თბილისში (22.6%). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.3%) და კახეთის (14.2%) რეგიონებია.
2024 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 7.8 პროცენტით შემცირდა და 1.9 მლნ. კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 7.3 ათასი დამთვალიერებელი მოდის.
2024 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 3.0 პროცენტით შემცირდა და 45.0 ათასი შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა – 2.5 პროცენტით გაიზარდა და 939 ერთეული იყო.

სრულად წაიკითხეთ სტატია