
თამბაქოს პროდუქციაზე საქართველოს მოსახლეობის დანახარჯები ისევ მაღალია და 3-ჯერ აღემატება ჯანმრთელობის დაზღვევაში მის მიერვე გადახდილ თანხებს.
გალტ & თაგარტის მონაცემებით, 2024 წელს სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG-ს სექტორი 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია.
FMCG-ში შედის ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ხილ-ბოსტნეული, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძის ნაწარმი, თამბაქო, ბაკალეა, სასმელები.
ამ მაჩვენებლის 7,2% ანუ დაახლოებით 1,6 მილიარდი ლარი მოსახლეობამ თამბაქოზე დახარჯა. ჯანმრთელობის დაზღვევაზე დახარჯული თანხების ოდენობამ კი 534 მლნ შეადგინა ( წინა წელს იყო 447 მილიონი).
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 20 % სარგებლობს.
გასულ წელს ეს წილი 19%-ს შეადგენდა. უწყების მონაცემებით, ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევის 741,174 მოქმედი პოლისია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 720,944 იყო, 2022-ში კი 682,152.