
აუდიტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ საანგარიშო წელს მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია ჩატარებული არ არის.
აუდიტის ჯგუფის მიერ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N2 საწყობში, შერჩევით მატერიალური მარაგების ადგილზე დათვალიერებით გამოვლინდა, რომ:
- საწყობში არ არის უზრუნველყოფილი აქტივების შენახვის სათანადო წესები და პირობები. შედეგად, აქტივების დიდი ნაწილი დაზიანებულია;
- საწყობის შენობის შიდა ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია აქტივები, არ არის დამონტაჟებული ვიდეოკამერები და არ მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი აქტივების კონტროლის სათანადო მექანიზმები;
- საწყობში განთავსებული მარაგების დიდ ნაწილს ექსპლუატაციის ვადა აქვს ამოწურული;
- შერჩეული მარაგებისთვის ვერ მოხერხდა ზუსტი იდენტიფიცირება, ვინაიდან არ აქვს მინიჭებული საინვენტარო ნომრები და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებში ფიქსირდება განსხვავებული ფასისა და განსხვავებული მახასიათებლების ერთი და იმავე სახეობის მარაგები. შენახვის პირობების გათვალისწინებით, უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია მარაგების სისრულის დადასტურება;
- შესაბამისი დადოკუმენტირების გარეშე საწყობის ტერიტორიაზე ფიქსირდება ისეთი საოფისე ინვენტარი, რომელიც დაზიანებულია, გამოსულია მწყობრიდან. შედეგად, შეუძლებელია საბუღალტრო მონაცემებით აღრიცხული აქტივების იდენტიფიცირება და აქტივების არსებობის და სისრულის დადასტურება;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გამოვლინდა:
- 2,595,857 ერთეული − 1,375,116 ლარის მარაგების დანაკლისი,
რომლის შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი; - 929,884 ერთეული − 576,756 ლარის ვადაგასული მარაგები და 36,975
ერთეული მარაგების − ზედმეტობა; - 266 ერთეული − 24,471 ლარის საოფისე ინვენტარი, რომელთა
იდენტიფიცირება შეუძლებელია;
აუდიტი წერს რომ ადგილზე დათვალიერებით ასევე გამოვლინდა ისეთი აქტივები, [160 ერთეული ავტომანქანა (მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დამხარების მანქანები), 52 ერთეული სამედიცინო საწოლი, 5 ერთეული ჟანგბადის სადგური (ჟანგბადის სასუნთქი აპარატი), 132 ერთეული სამედიცინო კარადა, 22 ერთეული მაცივარი, 16 ერთეული ინსტრუმენტების გადასატანი, კარდიოგრაფები, დეფიბლიატორები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სათვალეები და სხვა სამედიცინო მარაგები, რომელთა სრულად აღრიცხვა შეუძლებელი იყო], რომლებიც განთავსებულია სამინისტროს საწყობის ტერიტორიაზე, თუმცა არ ფიქსირდება ცენტრალური აპარატის ბალანსზე.
აუდიტი წერს, რომ აღნიშნული აქტივები არის საგანგებო სიტუაციების ცენტრისა და ჰოლდინგის საკუთრებაში არსებული აქტივები და მათი სამინისტროს საწყობში განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.