კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართავს. ამის თაობაზე კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ 26 ნოემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ძლიერმა საქართველომ“ 26 ოქტომბრის არჩევნებიდან მალევე გადაწყვიტა უარი ეთქვა სადეპუტატო მანდატებზე, თუმცა განმარტა, რომ ისინი დაპირების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივ პირობებს ელოდნენ. კანონის თანახმად, პარტიას შეუძლია ცესკოს სიის ჩახსნა ოფიციალურად მას შემდეგ მოსთხოვოს, რაც პარლამენტი პირველ სხდომაზე დეპუტატების უფლებამოსილებებს ცნობს. პარლამენტმა პირველი სხდომა გუშინ გამართა და 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო მიუხედავად იმისა, რომ მათი არჩევის კანონიერება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
„ძლიერი საქართველო“ მეორე ოპოზიციური ძალაა, რომელმაც ოფიციალურად მიმართა ცესკოს სიების ჩახსნის მოთხოვნით. ანალოგიური მოთხოვნით გუშინ ცესკოს უკვე მიმართა „კოალიციამ ცვლილებისთვის“. რაც შეეხება „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, მათ სიების ჩახსნა ჯერ ოფიციალურად არ მოუთხოვიათ. ორივემ განაცხადა, რომ არჩევნებს გაყალბებულად და პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
ვინაიდან ოპოზიცია არ ცნობს პარლამენტს, რომელშიც მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ წარმოდგენილი, „ძლიერმა საქართველომ“ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ალტერნატიული წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნის იდეა შესთავაზა.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ამ ალტერნატიული ორგანოს სამი მიზანი ჩამოთვალა: 1. ოპოზიციის უკეთესი წარმომადგენლობა, კოორდინაცია და ორგანიზება; 2. ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა ქვეყნის პარტნიორებთან საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო არაღიარება; 3. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო პოლიტიკური პროგრამების შემუშავება, მათ შორის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება.
ცუცქირიძის თქმით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები კოალიციის პარტნიორებთან ალტერნატიული წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნაზე.
ასევე წაიკითხეთ: