დღეს, 21 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, სადაც საქართველოდან მონაწილეობა “გოლდენ გორმა” მიიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბოლო წლებში ევროპის საკლუბო ტურნირებზე ყოველთვის ორი წარმომადგენელი გვყავდა – გორის კლუბი და შინაგან საქმეთა სამინისტროს “მებრძოლი”, რომელიც უმეტესად ეროვნული ნაკრების ბაზაზე იყო დაკომპლექტებული. თუმცა 2022 წელს, როცა ამ ტურნირს გორმა უმასპინძლა, ჩვენგან მესამე კლუბი – თბილისის “არეაც” გამოვიდა, ამჯერად კი მხოლოდ გორელთა ამარა დავრჩით.
გორელების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
– 73 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი ტერაშვილი
– 90
კგ – ლუკა მაისურაძე
+ 90 კგ – ირაკლი დემეტრაშვილი, უშანგი კოკაური, თამაზ ბიგანაშვილი
– 57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი
– 70 კგ – ეთერ ასკილაშვილი
+70 კგ – სოფიო სომხიშვილი
“გოლდენ გორი” მეოთხედფინალში ფრანგულ “ნიცასთან” 3:4 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც “მონპელიეს” 4:1 აჯობეს, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი “გოლდენ გორმა” Judo Ukraine 4:0 დაამარცხა.
ტურნირის გამარჯვებული ტედი რინერის “პარი სენ ჟერმენი” გახდა, პარიზულმა კლუბმა ფინალში სერბული “რედ სტარი” უშანსოდ 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 5-გზის ოლიმპიური ჩემპიონი რინერი ტატამზე 5-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ფინალში პსჟ-ს ბოლო გამარჯვება სწორედ მან მოუტანა. ლეგენდარულ ძიუდოისტს გამარჯვება გაუჭირდა და მისი ბრძოლა დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა არასანახაობრივ ბრძოლაში მაინც გაიმარჯვა.