„ჩემი ხმა“ გაყალბების „კომპლექსურ სქემაზე“ საუბრობს

Civil Georgia 1 თვე წინ 24
„ჩემი ხმა“ გაყალბების „კომპლექსურ სქემაზე“ საუბრობს

ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიზნით „კომპლექსური სქემა“ იქნა შემუშავებული და ამიტომ ოფიციალური შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

„ჩემი ხმის“ წარმომადგენლის ლონდა თოლორაიას ბრიფინგი მას შემდეგ გაიმართა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

თოლორაიამ განაცხადა, რომ „არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა“. მისი თქმით,  „დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგის შეცვლა იყო“.

„აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისათვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების დაკვირვებაზე ხელშეშლა“, – განაცხადა მან.

თოლორაიამ ასევე განაცხადა, რომ დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ამომრჩევლებისთვის ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევებიც, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია უკვე მონიშნული იყო. მისიის თქმით, „აშკარა გახდა“, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და „ქირაობის”, აგრეთვე პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ მრავალრიცხოვანი ცნობები და მედიარეპორტაჟები სწორედ აღნიშნული სქემის განხორციელებას ემსახურებოდა.

„სწორედ ამგვარი მანიპულაციების შედეგად გახდა შესაძლებელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გადამწყვეტი რაოდენობის მოპოვება, რასაც ახლა ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულ ელექტრონული აპარატების ჩეკების დათვლის შედეგებში ვხედავთ“, – განაცხადა თოლორაიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა „უპრეცედენტო ზეწოლა“, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უმიზეზოდ უბნებიდან გაძევებას. „უმრავლეს შემთხვევებში შეუძლებელი იყო კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რეომ ზოგ შემთხვევაში დამკვირვებლების ევაკუაციაც კი ხდებოდა საჭირო.

მისიის თქმით, საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ სააარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას არ გამოვლენილიყო გაყალბების სქემები და საზოგადოებას არ ჰქონოდა ინფორმაცია მათ შესახებ.

თოლორაიამ განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ხდებოდა არაუფლებამოსილ პირთა კონცენტრაცია, რომლებიც „განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ როგორც ამომრჩევლების, ისე დამკვირვებლების მიმართ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების მიზნით, მმართველმა პარტიამ გამოიყენა კრიმინალური ჯგუფები“.

„მმართველი პარტიის მიერ უბნებთან ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩევლების უპრეცედენტო მობილიზაცია. ამომრჩევლებზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა. იმის, გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის, მათ სოციალურ თუ სამასახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამომრჩევლების დიდი ნაწილი ფაქტიურად მმართველი პარტიის მძევალი იყო“, – განაცხადა მან.

თოლორაიას თქმით, 22:30 საათის მდგომარეობით, მისიამ დამკვირვებლებისგან მიიღო შემდეგი ინფორმაცია: მარკირების განუხორციელებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტების შესახებ  347  შეტყობინება; ხმის მიცემის ფარულობის  დარღვევის  შესახებ 89  შეტყობინება; დაფიქსირდა უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 341 შემთხვევა; ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის 96 შემთვევა; ასევე, დაფიქსირდა “ჩემი ხმის” დამკვირვებლების დაკვირვების უფლების შეზღუდვა – 163 შემთხვევა.

დარღვევებს სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე შემდეგ ოლქებში: მარნეულის, ბოლნისის, ქარელის, გორის, კასპის, ხაშურის, სენაკის, გარდაბნის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ქობულეთის, საგარეჯოს, ბათუმის, თელავის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ახალციხის, მცხეთის, ახალქალაქის, რუსთავის, გლდანის, ისნის, სამგორის, ხარაგაულის საარჩევნო ოლქებში.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გარემოსა და არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. ჩვენ გავაგრძელებთ შედეგების ბათილობის მოთხოვნას“, – დასძინა თოლორაიამ.

სრულად წაიკითხეთ სტატია