შსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისთვის „ტერიტორიულ ჯგუფებს“ ქმნის

Civil Georgia 2 თვის წინ 30
შსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისთვის „ტერიტორიულ ჯგუფებს“ ქმნის

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 4 ოქტომბერს ბრძანება გამოაქვეყნა პოლიციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ტერიტორიული ჯგუფების შექმნის შესახებ, რომლებსაც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დარღვევების გამოვლენა და მათი პრევენცია ევალებათ. ჯგუფები პოლიციის ადგილობრივ განყოფილებებში განთავსდებიან. ბრძანების მიხედვით, შსს-ს მიზანია უზრუნველყოს, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში  „თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ“ გარემოში ჩატარდეს.

„არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს პრესრელიზში.

ბრძანება ძალაშია სამინისტროს ვებგვერდზე მისი გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით. ტერიტორიული ჯგუფები 18 ოქტომბრამდე უნდა შეიქმნას. ბრძანების თანახმად, ტერიტორიული ჯგუფის შემადგენლობაში შედის:

  • სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დირექტორი;
  • სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი;
  • სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი;
  • სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი;
  • სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი (საჭიროების შემთხვევაში);
  • სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი.

ამასთან, ტერიტორიული ჯგუფის ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოექცევა სამინისტროს ყველა პოლიციის ქვედანაყოფი, გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა. განკარგულებაში ასევე წერია, რომ ტერიტორიული ჯგუფის ხელმძღვანელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიმუშაოს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმა, რათა შეასრულოს ბრძანებით განსაზღვრული ამოცანები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტერიტორიული ჯგუფები პასუხისმგებელნი იქნებიან „უსაფრთხო და თავისუფალი საარჩევნო გარემოს“ უზრუნველზოფაზე. ისინი ასევე უზრუნველყოფენ საარჩევნო მასალების, მათ შორის, ბიულეტენების ტრანსპორტირებას საუბნო საარჩევნო კომისიის მოთხოვნით და უზრუნველყოფენ ნებისმიერ დარღვევაზე დროულ და ეფექტურ რეაგირებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ტერიტორიული ჯგუფი საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს უსაფრთხოების გეგმას არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განლაგების მიზნით.

„პოლიციელი (საპოლიციო ძალების წარმომადგენელი) ვალდებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. დაუშვებელია, პოლიციელის (საპოლიციო ძალების წარმომადგენელის) ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად“, – ნათქვამია ბრძანებაში.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია