„შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა…“ – როგორ იხსენებს დათის დედა შემზარავ ავარიას და განვლილ გზას

Primetime.ge 2 თვის წინ 27
„შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა…“ – როგორ იხსენებს დათის დედა შემზარავ ავარიას და განვლილ გზას
ქალები საქართველოდან Women of Georgia სოციალურ ქსელში ქრისტინე მამუკაშვილის შესახებ წერს.ქრისტინე დათი ქოქრაშვილის დედაა, რომელიც საზოგადოებამ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო.„შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა“ – ასე იხსენებს ქრისტინე მამუკაშვილი საზარელ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც 3 წლის წინ მოხდა.ქრისტინე ქალები საქართველოდან Women of Georgia -ს უყვება, რომ შემთხვევის დღეს, დილით ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. ის-ის იყო, სკოლის ტრანსპორტის მძღოლი უნდა მიახლოებოდა დათის ადგილსამყოფელს, როდესაც მას სწრაფად მიმავალმა BMW-ს მარკის ავტომობილმა მარჯვნიდან გზა ჩაუჭრა, წინ მიმავალ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე, სადაც დათი იდგა, მთელი სიჩქარით ავარდა.ქრისტინე მამუკაშვილი ისტორიას ემოციურად იხსენებს. ამბობს, რომ თავდაპირველად შემზარავი ავარიის შესახებ სოციალური ქსელით გაიგო, თუმცა არ იცოდა, რომ საუბარი დათიზე იყო.საბოლოოდ კი ქრისტინე იხსენებს, რომ დათის თავს მომხდარი ამბის შესახებ დედისგან შეიტყო:„შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა, 3 წლის წინ მოხდა. მაშინ დათი 8 წლის იყო და როგორც ყოველთვის, იმ დილითაც სახლის წინ სკოლის ტრანსპორტს ელოდებოდა. მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში ვიყავით და დათის ბებია აცილებდა – ფანჯრიდან უყურებდა მანამდე, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ბავშვი ტრანსპორტში ჩაჯდა. ადგილი, სადაც დათი იდგა ხოლმე ტრანსპორტის მოლოდინში, უსაფრთხო იყო: წინ ავტობუსის ზოლია და ტროტუარისგან რკინის ჯებირები ყოფს. იმ დილითაც ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. ის-ის იყო, სკოლის ტრანსპორტის მძღოლი უნდა მიახლოებოდა დათის ადგილსამყოფელს, როდესაც მას სწრაფად მიმავალმა BMW-ს მარკის ავტომობილმა მარჯვნიდან გზა ჩაუჭრა, წინ მიმავალ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე, სადაც დათი იდგა, მთელი სიჩქარით ავარდა.მოგვიანებით, ერთ-ერთი თვითმხილველი მძღოლის მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერზე ვნახე, როგორ ცდილობდა ბავშვი მანქანისთვის თავის არიდებას, მაგრამ ვერ შეძლო და აჩქარებულმა რკინის მასამ ზემოდან გადაუარა. სასწრაფოს მოსვლისას ბავშვი გონზე იყო. ყველაფერი უთხრა, დათი მქვია და 8 წლის ვარო. იაშვილის კლინიკაში მისი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანი ფეხის, მენჯ-ბარძაყის ჩათვლით, წელამდე, ამპუტაცია დასჭირდა. ეს ამბავი ამერიკაში შემთხვევით, ფეისბუქის პოსტებით გავიგე. მანამდე ახლობელმა მომწერა, როგორ არის ბავშვიო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მე არ ვიცოდი ეს ამბავი და მესიჯი წაშალა. თუმცა წაკითხვა მოვასწარი. შემდეგ პოსტები შემხვდა, შარტავაზე ავარია მოხდა, რომლის დროსაც 8 წლის ბავშვმა ფეხი დაკარგაო. ყველა მიმალავდა ამ ამბავს და ბოლოს დედაჩემს ეყო გამბედაობა, სიმართლე მოეყოლა.საქართველოში დაბრუნებულებს დათი იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა, ვიდრე ამას გვეუბნებოდნენ და წარმოგვედგინა. იაშვილის კლინიკაში მას პირველადი დახმარება და ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში ექიმებს აღარ ჰყოფნიდათ არც კომპეტენცია და არც ტექნიკური აღჭურვილობა, რომ მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ამიტომ, ამ ამბიდან ერთ კვირაში დათი ისრაელის კლინიკაში გადავიყვანეთ.”მკურნალობის ხანგრძლივი გზა„დათის ისრაელში გადასაყვანი პირველი ხარჯები მამაჩემმა გაიღო. რადგან ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, საჭირო გახდა მისი სპეციალურად აღჭურვილი კერძო თვითმფრინავით გადაფრენა. ისრაელში დათის 26 ოპერაცია ჩაუტარდა.ამ პერიოდში ჩვენ ვნახეთ ხალხის მხარდაჭერის უპრეცედენტო მაგალითი. ჩვენგან დამოუკიდებლად იმართებოდა საქველმოქმედო კონცერტები, იწერებოდა გადაცემები, იმართებოდა ფეისბუქ ჯგუფები. სრულიად უცხო ადამიანები ჩემს ანგარიშზე დათის მკურნალობის თანხებს რიცხავდნენ, უთბილეს გამამხნევებელ სიტყვებს მწერდნენ და იმედებს მაძლევდნენ. ალბათ, ღმერთის რწმენა და ამ ადამიანების მხარდაჭერამ გამაძლებინა, გამაძლიერა და აქამდე იმედით მომიყვანა.არასდროს დამავიწყდება ერთი ასეთი ეპიზოდი: ისრაელში ახალი ჩასული ვიყავით. დათი კომაში იყო. აღდგომას მე და ჩემი მეუღლე მაცხოვრის ტაძარში შევხვდით. იმ პერიოდში საქართველოდან მომლოცველები იყვნენ ჩამოსული, ყველამ იცოდა ჩვენი ამბავი. დაგვინახეს თუ არა, სათითაოდ მოდიოდნენ, გულში გვიხუტებდნენ, დათის სამკურნალო ფულს გვიდებდნენ ჯიბეში და იმედებით გვავსებდნენ. არასდროს დამავიწყდება ამხელა სოლიდარობის აქტი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში. ადამიანების მხარდაჭერით, დათის ისრაელში და გერმანიაში მკურნალობის ხარჯები გადავიხადეთ. ეს პროცედურები ჯამში 500,000 დოლარი დაჯდა.ამჯერად დათი ამერიკაში გვყავს, რადგან მას მუცლის ღრუს რეკონსტრუქცია სჭირდებოდა და ასეთი რთული ოპერაციები მხოლოდ აქ, ისიც რამდენიმე ქირურგის მიერ ტარდება. თუმცა ოპერაცია იმ შედეგით არ დასრულდა, რასაც ველოდით, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ და ახლა ჭრილობების შეხორცებას ველოდებით, რომ დავბრუნდეთ საქართველოში.განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წვლილი. თავიდანვე გვერდში გვედგნენ და ახლაც საქველმოქმედო ღონისძიებები ეწყობა, რომ დათის ამერიკაში ოპერაციის თანხების დაფარვაში დაგვეხმარონ.“,,წინ დიდი გზა გველის”„დათისთან ერთად კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ახლა სკოლაში ვერ დადის, რადგან ღია ჭრილობები აქვს და ინფექციების თავიდან ასარიდებლად ამერიკელი მასწავლებლები მას ონლაინ პირადად უტარებენ გაკვეთილებს. დათი მხოლოდ ეტლით გადაადგილდება, რადგან, ფაქტობრივად, მარჯვენა მხარეს წელამდე არც ერთი ძვალი არ აქვს და ყავარჯნებით უჭირს კოორდინაციის დაცვა. ახლა მთავარია, იმ ეტაპამდე მივიდეთ, რომ პროთეზი დასჭირდეს. ჯერ ძვლის იმპლანტზე ადრეა საუბარი, თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდეც მივალთ და დათი სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს. ამის იმედს ღმერთიც მაძლევს და ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების თანადგომა და თანაგანცდაც“ – ნათქვამია ქალები საქართველოდან Women of Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია