„ქართული ოცნების“ პარლამენტი: MEGOBARI აქტი „უაღრესად მტრული“ და „ფაქტობრივად გაუმართავია“

Civil Georgia 2 კვირის წინ 5
„ქართული ოცნების“ პარლამენტი: MEGOBARI აქტი „უაღრესად მტრული“ და „ფაქტობრივად გაუმართავია“

 „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 14 მაისს მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა MEGOBARI-ს აქტის მიღების გამო გააკრიტიკა, რომელსაც „უაღრესად მტრული“ და „ფაქტობრივად გაუმართავი“ უწოდა. განცხადება აქტს „საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრულ აქტს“ უწოდებს, ამასთან აცხადებს, რომ მისი მიღების უკან „დიფ სთეითი“ დგას და აშშ-ის კონგრესს აფრთხილებს, რომ აქტი მის რეპუტაციას დააზიანებს.

5 მაისს მიღებული MEGOBARI აქტი არის ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელებმა წარადგინეს და რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში ან ძალადობისა და დაშინების ქმედებებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად. სანქციები უშუალოდ მათ ოჯახის წევრებსაც დაეკისრებათ.

განცხადებაში პარლამენტი უარყოფს კანონპროექტში მოცემულ ბრალდებებს, რომელიც, მისი თქმით, 3 ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“. განცხადებაში ეს ბრალდებები უარყოფილია, როგორც დეზინფორმაციისა და „დიფ სთეითის“ მანიპულაციის შედეგი.

დემოკრატია

„ქართული ოცნების“ პარლამენტი MEGOBARI აქტის იმ ნაწილს პასუხობს, რომელიც დემოკრატიის უკუსვლას ეხება და სანაცვლოდ 2012 წლიდან რეფორმებსა და საერთაშორისო რეიტინგებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, განცხადების თანახმად, განსხვავებულ სურათს აჩვენებს. „ქართული ოცნება“ კონსტიტუციურ ცვლილებებზე, ციხეებში პატიმრების რაოდენობის შემცირებას და პატიმართა სიკვდილიანობის შემცირებაზე საუბრობს და სასამართლო დამოუკიდებლობისა და მედიის პლურალიზმის გაუმჯობესებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ამასთან, პარლამენტი საქართველოს არჩევნებს თავისუფალს და სამართლიანს, ხოლო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს გამჭვირვალეს და ანგარიშვალდებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უმაღლესი სტანდარტებით არის დაცული.

განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების ბოლოდროინდელი კრიტიკა, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოები 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში, პოლიციის ძალადობასა და უკანონო დაკავებებში დაადანაშაულეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში „ხელისუფლებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობის 5-დღიანი, უკიდურესად ძალადობრივი მცდელობა ისე აღკვეთა, რომ შეკრებების დაშლისას მათი არცერთი მონაწილის ჯანმრთელობას გრძელვადიანი კვალი არ დაჩნევია“.

განცხადების თანახმად, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას „დიფ სთეითი“ და მისი ინსტიტუტები ცდილობდნენ. „აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში ქვეყანაში დემოკრატიაზე თავდასხმის მთავარი ხაზი უკავშირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომლებიც USAID-ის, NED-ისა და სხვა, მსგავსი ფონდების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებდა“.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია

რაც შეეხება ქვეყნის გადახვევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან, „ქართული ოცნების“ კანონმდებლები აცხადებენ, რომ სწორედ ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ასახა ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა 2017 წლის კონსტიტუციაში. „ქართული ოცნების“ პარლამენტი გაწევრიანების პროცესის შეფერხებაში პარტნიორი ქვეყნების „თავშეკავებულ პოზიციას“ ადანაშაულებს და არა შიდა პოლიტიკას. მისი თქმით, „ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომის მიუხედავად, საქართველომ თავისი ხელისუფლების წყალობით, ქართველი ხალხის თანადგომით 2023 წლის დეკემბერში მაინც მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“.

„საქართველო დღესაც ცდილობს  გაუმკლავდეს ამგვარ უსამართლო მიდგომას, რომელიც მას ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს უქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და ნატოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია საშუალოვადიან პერსპექტივაშიც არარეალურად მიაჩნიათ.

ურთიერთობები რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან

პარლამენტი უარყოფს მოსაზრებას, რომ საქართველო ავტორიტარულ რეჟიმებთან შეუფერებელ ურთიერთობებს ინარჩუნებს. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და 2012 წლიდან მოსკოვში მაღალი დონის ვიზიტები არ განხორციელებულა, ხოლო რუსეთთან ვაჭრობის წილი 12%-ზე ნაკლებია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ საქართველო შეუერთდა 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს, რომლებიც გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მეზობლებს რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე საქართველოს.

ჩინეთთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს. „იგივე ითქმის საქართველოსა და ირანის ურთიერთობებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, იმ დონისაც კი არ არის, როგორიც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.  „აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ირანთან დაკავშირებით სპეკულაციების საბაბად იქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე… რაც კვლავ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს“. 

გაფრთხილებები და სურვილები

„ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე. წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოსადმი „დიპ სტეიტის“ უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ „დიპ სტეიტისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებდეს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, პირიქით, მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პარლამენტი აფრთხილებს აშშ-ის კონგრესს, რომ MEGOBARI აქტის ინიცირებით, ის ისეთივე „რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს“ როგორც ევროპარლამენტი, რომლის კრიტიკულ რეზოლუციებსაც „უკვე დიდი ხანია ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს“.

„დასანანია, რომ კონგრესმა, რომელსაც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა… ჩაუყარეს საფუძველი და რომელიც ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად იყო ცნობილი, 2025 წლის 5 მაისს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში მძიმედ შელახა“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ქართული ოცნების” პარლამენტის შეფასებით, „ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს − „დიპ სტეიტმა“ საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის“ თაობაზე“.

“ქართული ოცნების” პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია