საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ დღესვე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, „ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, როგორც ქრისტიანობის დაცვის მთავარი ბასტიონისკენ“. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, „საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ“.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს და როგორც „ამაყი და თავმოყვარე ერისთვის, ქართველი ხალხისთვის „კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ”.
„ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია. ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო იყო „საპარლამენტო არჩევნებში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის ჩარევის მომსწრე“. მისივე თქმით, „ისინი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმიან თავს ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელ მისიას, რომელმაც არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, როგორც ამას საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ“.
კობახიძის თქმით, ასევე „ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ“. მან აღნიშნა, რომ ყველას ახსოვს, როგორ გეგმავდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე საქართველოსთვის 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გაუქმებას და მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, თუმცა, „ამან ქართველი ხალხის არჩევანზე ვერავითარი გავლენა ვერ იქონია“. კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის საკითხიც გამოიყენეს საქართველოს დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში არეულობის შემოსატანად და საზოგადოების გასახლეჩად. „უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა სიმშვიდე, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენა. აღნიშნულ რევოლუციის მცდელობაში ღიად იყვნენ ჩართული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირიდან იღებენ დაფინანსებას“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მთავარ ინსტრუმენტად“.
„მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. ესეც არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის თარიღზე გაწევრიანების თარიღი საერთოდ არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „საქართველომ უკრაინაზე და მოლდოვაზე გვიან დაიწო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან და უვიზო რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, სამივე შემთხვევაში წარმატებას ამ ქვეყნებზე ადრე ან ამ ქვეყნების თანადროულად მიაღწია“. მისი თქმით, „ტექნიკური თვალსაზრისით“, მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე მხოლოდ წელიწადნახევარი-2 წელიწადი არის საჭირო, 2030 წლამდე კი, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი. „აქედან ჩანს, თუ რამდენად ხელოვნური და შესაბამისად, უკიდურესად შეურაცხმყოფელია ის შანტაჟი, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილი მოლაპარაკებების გახსნის თემით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს თხოვენ არა რეფორმებს, არამედ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. ეს არის „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმება, სანქციების დაწესება და საქართველოს ეკონომიკის ჩვენივე ხელით ჩამოშლა, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და სხვ.“
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კობახიძემ აღნიშნა, რომ „ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული“. მისი თქმით, საქართველო ყველა ამ ვალდებულებას საკუთარი დაფინანსებით შეასრულებს და ევროკავშირში შევა არა როგორც „მათხოვარი“, არამედ „ღირსეულად“.
მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის“ და დაანახებს „შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, რომლებიც სრულად არიან დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან“, რომ ისინი საქართველოს ღირსეულად უნდა ელაპარაკონ.
დასასრულს, კობახიძემ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. „ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ“, – დასძინა მან.