სენატორი კარდინი მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო „ქართული ოცნებისთვის“ მაგნიტსკის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს  

Civil Georgia 5 დღის წინ 2
სენატორი კარდინი მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო „ქართული ოცნებისთვის“ მაგნიტსკის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს  

ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დაგმო „ქართული ოცნების“ ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და პრეზიდენტ ბაიდენს გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიების ამ ძალადობრივი ქმედებების ორკესტრირებაზე, მათ შორის, „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ დაუწესოს“, – განაცხადა სენატორმა. „ახლა არის მომენტი, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“.

კარდინმა ასევე ისაუბრა საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი და „ცნობილი ანტიამერიკელი პროვოკატორი“ აირჩიეს. კარდინმა განაცხადა, რომ მისმა გამარჯვებამ ქართული ოცნების „რეალური ბუნება“ გამოავლინა. ამერიკელმა სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაველაშვილის არჩევა ფართოდ გააპროტესტეს ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა. მან ასევე ხაზი გაუსვა ყაველაშვილს როლს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასა და „რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის თანაავტორობაში“.

სასტიკი დარბევა, რომელიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება, ხასიათდებოდა მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით, მათ შორის პოლიციისა და ე.წ. „ტიტუშკების“ მიერ მოქალაქეების სასტიკი ცემით, დარბევებით. ოპოზიციის ოფისებისა და აქტივისტების სახლების დარბევებითა და ასობით დემონსტრანტის უკანონო დაკავებით. სენატორმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლონ ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია