სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ოპოზიციის კამპანიის რეკლამების გაშვებაზე უარს ამბობს

Civil Georgia 2 თვის წინ 26
სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ოპოზიციის კამპანიის რეკლამების გაშვებაზე უარს ამბობს

სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ უარს ამბობს ოპოზიციის კამპანიის რეკლამების გაშვებაზე მანამ, სანამ ოპოზიციურად განწყობილი არხები „ქართული ოცნების“ რეკლამებს ეთერში არ განათავსებენ.

სამმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ – „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“- უარი თქვა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ვიდეორგოლის გაშვებაზე, სადაც ომის შედეგად განადგურებული უკრაინა მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ მშვიდობასთანაა შედარებული. ტელეარხების თქმით, „ქართული ოცნების“ რეკლამა არაეთიკურია და წარმოადგენს ომის პროპაგანდას, რაც ეროვნულ დაპირისპირებას აღვივებს და ამომრჩევლებს ომით აშინებს. ტელეკომპანია „იმედში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების რეკლამის გაშვებაზე მათი უარი სწორედ ამ გადაწყვეტილების საპასუხოა.

არხის განცხადებაში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ „ტელეიმედს“ აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა – არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს“.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ 10 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციური მედიაა დადანაშაულებული ანტი-უკრაინული ვიდეოკლიპების არ გაშვებასა და კანონის დარღვევის გასამართლებლად მცდარი არგუმენტების გამოყენებაში.

„სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს“, – ნათქვამია „იმედის“ განცხადებაში.

ვინაიდან კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ საჩივრები ოპოზიციური მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ რეკლამის გაშვებაზე უარის თქმის გამო და ისინი კანონდამრღვევებად გამოაცხადა, მოსალოდნელია, რომ იგივე მოხდება „იმედდთან“ მიმართებითაც. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოექცევა კომუნიკაციების კომისია „იმედს“, თუ ოპოზიციური პარტიები მის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია