საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოფელ სანიორეში მევენახეებს შეხვდა.
მთავრობის მეთაური მევენახეებს რთველის მიმდინარეობისა და მოსავლის დაბინავების პროცესზე გაესაუბრა და ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აღუთქვა. საუბრისას ხაზი გაესვა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების პრიორიტეტულობას და აღინიშნა, რომ სუბსიდირების მექანიზმი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა.
პრემიერმა ასევე ჭოტიაშვილების საოჯახო მარანი – “საწნახელი” დაათვალიერა. მარნის მფლობელმა კახა ჭოტიაშვილმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანია ტრადიციული ტექნოლოგიებით ქვევრში დაყენებული 14-ზე მეტი სახეობის ჯიშისგან წელიწადში 50 000-ზე მეტ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე – 15 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნებში ხორციელდება.
ჭოტიაშვილების ვენახები 17 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც 40-ზე მეტი საექსპერიმენტო დანიშნულების ვაზის ჯიშია.
კომპანიამ “შეღავათიანი აგროკრედიტით” ისარგებლა და სახელმწიფოს მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობს ღვინის საერთაშორისო გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ჭოტიაშვილების მარანში მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
დღესვე პრემიერ-მინისტრი “მილდიანის” ღვინის ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო. 18 სექტემბრის მდგომარეობით, ქარხანას მოსახლეობისგან შესყიდული და გადამუშავებული აქვს 2800 ტონამდე ყურძენი. კომპანიას 40 ჰა ფართობზე აქვს გაშენებული საკუთარი ვენახები და წლიურად აწარმოებს 3,5 მლნ ბოთლს, ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროპის ქვეყნებში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. კომპანიამ სხვადასხვა პერიოდში სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლა.