“საპროტესტო აქციებს რაღაც აკლია და ეს რაღაც პოლიტიკოსებმა უნდა აღმოაჩინონ” – ზვიად კორძაძე

News.ge 4 კვირის წინ 14
“საპროტესტო აქციებს რაღაც აკლია და ეს რაღაც პოლიტიკოსებმა უნდა აღმოაჩინონ” – ზვიად კორძაძე

იურიდიული ფირმა „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველის პარტნიორის ზვიად კორძაძის შეფასებით, „საპროტესტო აქციებს რაღაც აკლია და ეს რაღაც პოლიტიკოსებმა უნდა აღმოაჩინონ“.
ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას – რატომ არ აქვს გაყალბებული ს გამო მიმდინარე საპროტესტო აქციებს ბევრი მოქალაქის მხარდაჭერა.
ზვიად კორძაძის თქმით, აქციებზე ისიც დადიოდა, მაგრამ ამავე დროს, როგორც მოქალაქეს გარკვეული კითხვები ოპოზიციურ სპექტრთან აქვს.
– ჩემი კითხვაა – მივალთ აქციაზე და? ამ კითხვაზე პასუხად იმის მოსმენა, რომ რაში გჭირდებათ გეგმა, თქვენ მაინც ხომ მოხვალთ, [საკმარისი არაა]. მე შემიძლია, საკუთარი ოფისის წინაც გამოვიდე და ჩემს თანამშრომლებთან ერთად გამოვხატო პროტესტი. ფაქტია, ამ აქციებს რაღაც აკლია. ეს არის ის რაღაც, რაც პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ. მე ვიცი, სასამართლო სისტემას რა აკლია, მაგრამ საპროტესტო მუხლს რა აკლია არ ვიცი, გარდა იმისა, რომ ვხედავთ ამ აქციებზე არაა ის მუხტი, რაც იყო აპრილში და სიტუაცია არაფრით შეცვლილა. პირიქით, მეტად უნდა გაბრაზებულიყო ხალხი. ეს რაღაც ოპოზიციურმა პარტიებმა აუცილებლად უნდა აღმოაჩინონ და გამოიყენონ. ზოგს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსობაა, ადვოკატობას ან ბიზნესმენობას თავს რომ დაანებებ და პოლიტიკაში წახვალ. არა, ეს სხვა პროფესიაა და როცა წლებია იქ ხარ, მე ზუსტად შენგან ვითხოვ [მუხტს]
– პროფესიონალი პოლიტიკოსები გვაკლია ქართულ პოლიტიკაში?
– გვაკლია, მაგრამ გვყავს. [პროფესიონალები] კი ზოგადად, ყველა სფეროში გვაკლია – გვაკლია პროფესიონალი ხაბაზები, ადვოკატები, ჟურნალისტები…
– კიდევ რა მიზეზით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით საპროტესტო აქციების მასშტაბი არაა დიდი?
– მგონია, რომ საზოგადოება დანაყრდა…
– რას გულისხმობთ?
– რუსეთთან დამყარებული ურთიერთობებით და ეკონომიკური კავშირებით, რაღაც სიტუაციებისთვის გვერდით ავლით, ხალხმა იშოვა ფული, რაც ეტყობა ეკონომიკურ ზრდასაც; „ოცნების“ „მესიჯ ბოქსმა“ მშვიდობასთან მიმართებით, ძალიან მრავლის მომცველად იმუშავა… ამდენად, [პროტესტის] მუხტს ვერ ასწევ თუ ის არ არსებობს. ჯერ უნდა არსებობდეს და შემდეგ შეიძლება ასწიო ან დასწიო. ხალხს არ მიაჩნია, რომ ქვეყანა იღუპება… თუმცა 750 000 ხმა, რომელიც ოპოზიციამ მიიღო, არაა ცოტა და ვერც ოპოზიციაზე და ვერც საზოგადოებაზე ვერ ვიტყვი, რომ ხელი ჩაიქნიეს. არა, შეიძლება ამ ხმებს დააშენო ბევრი კარგი რაღაცა ახლა, თუ ოპოზიციამ შეძლო მუხტის აწევა, რა თქმა უნდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში და თუ ახლა არა, მომავალ წელს არის ადგილობრივი არჩევნები თბილისში, რომელიც წააგო „ოცნებამ“.
„წერტილთან“ ინტერვიუში „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველმა პარტნიორმა პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, რომელსაც მმართველი ძალა 25 ნოემბერს აპირებს, არ ნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას.
„ლეგიტიმაცია მოიცავს უფლებამოსილება პლუს პოლიტიკური პროცესი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – გარეთ. ამ ლეგიტიმაციისთვის ჩვენ გვაქვს შემდეგი რამდენიმე თვე – ვინ მიულოცავს „ოცნებას“ გამარჯვებას, პირველი ვიზიტი სად ექნებათ, კონკრეტულ ქვეყნებში რომ ჩავლენ, ვინ და როგორ მიიღებს და ა.შ. ეს არის ის მოცემულობები, რომელიც განსაზღვრავს ლეგიტიმაციის რა ხარისხი ექნება ხელისუფლებას შიდა ან გარე არენაზე; თუმცა უნდა გვესმოდეს, რას უყურებს შენი საგარეო მოკავშირე – თუ მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა ამას [არჩევნების შედეგებს] არ აპროტესტებს, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიის კუთხით ჩვენზე ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ მაგალითად, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ან პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა არასდროს არ ჰქონია”, – განაცხადა იურისტმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია