საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მოქმედება არ შეაჩერა

Civil Georgia 2 თვის წინ 35
საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მოქმედება არ შეაჩერა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 9 ოქტომბერს არსებითად განსახილველად მიიღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების ნაწილი, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას ეხებოდა.  

პრეზიდენტ ზურაბიშვილის, 121 სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ორი ჟურნალისტის მიერ „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები, რომლებიც ერთ საქმეში გაერთიანდა, წინასასამართლო მოსმენაზე 29-31 აგვისტოს იქნა განხილული.

სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ორგანიზაციებს, რომელთაც „უცხოელ აგენტებად“ მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება, რეპუტაციული ზიანი მიადგებათ. სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ ის კანონს არაკონსტიტუციურად ცნობს, სიტუაცია კანონის ამოქმედებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება და ამიტომ რეპუტაციული ზიანიც აღარ იარსებებს.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვინაიდან იუსტიციის სამინისტროს ჯერ არ დაუწყია არც ერთი ორგანიზაციის მონიტორინგი, „არ არსებობს მყისიერი საფრთხე“, რომ მონიტორინგის ეს პროცესი ხელს შეუშლის ორგანიზაციის მუშაობის პროცესს და, შესაბამისად, ეს არ შეიძლება გახდეს კანონის მოქმედების შეწყვეტის მიზეზი. რაც შეეხება ორგანიზაციის დაჯარიმებას, სასამართლო აცხადებს, რომ რადგან ჯერ ჯარიმები დაწესებული არ არის, კანონის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება იმას, რომ კანონის მოქმედება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე უნდა შეჩერდეს, რადგანაც ის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს ეწინააღმდეგება, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლშია ასახული, სასამართლომ განაცხადა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არასაკმარისი იქნებოდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, თუ ის ამ კანონის გამო იქნა შეჩერებული.

სასამართლო ასევე აცხადებს, რომ „სასამართლომ, რომც შეაჩეროს კანონის მოქმედება, იგი მას სამართლებრივი სივრციდან ვერ გააქრობს და ვერც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის ლეგიტიმურ მოლოდინს გააჩენს“. მან ასევე განაცხადა: „შესაბამისად, არ გამოკვეთილა დასაბუთება, თუ რატომ დააზღვევს არსებით განხილვამდე კანონის მოქმედების შეჩერება ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების საფრთხეებს. კანონიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მოსარჩელის არგუმენტაციის გაზიარების შემთხვევაშიც კი აშკარაა, რომ ის შედეგები, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, უკავშირდება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას და არა მათი მოქმედების დროებით შეჩერებას“.

აღსანიშნავია, რომ საოქმო ჩანაწერს დაერთო მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე, ასევე მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით.

მოსარჩელეების გამოხმაურება 

ნინო ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, თავისი სიტყვა ეთქვა რუსული კანონის წინააღმდეგ, ემოქმედა კონსტიტუციის შესაბამისად და შეეჩრებინა ნორმები. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მასზე დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულა. თუმცა, რუსული კანონის წინააღმდეგ ჩვენ ბრძოლას არ ვასრულებთ და მის უპირობო გაუქმებას აუცილებლად მივაღწევთ“.

ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი: „საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონის ნორმების მოქმედება. სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების პროცესში. ალბათ, ველოდით კიდეც ამას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ“.

თამარ კორძაია, კოალიცია „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას დაადგა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა იმ 84 დეპუტატის ბედი გაიზიარეს, რომლებმაც მოღალატეობრივად რუსეთის დავალებით მიიღეს ე.წ. რუსული კანონი, როგორც თვითონ უწოდებენ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“. ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება და ძალიან სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ბედავს ამ კანონის მავნე შედეგებს როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განადგურების თვალსაზრისით. ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.“

სრულად წაიკითხეთ სტატია