საია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

Civil Georgia 1 კვირა წინ 4
საია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ორმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ საკონსტიტიციო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს, რომლითაც ,,უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) გაუქმება, ასევე, დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერება მოითხოვეს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო და ის ძალაში მიმდინარე თვის ბოლოდან შევა.   

ე.წ. FARA „არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაცია და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით“, – აცხადებს საია.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანონი 1938 წლის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აშშ-ის კანონის (FARA) მოდელითაა შექმნილი, სარჩელში აღნიშნულია, რომ ეს შედარება შეცდომაში შემყვანია. ამერიკული FARA მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას.

ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს. საია აშშ-ის სასამართლო პრაქტიკას იშველიებს და აცხადებს, რომ დონორისაგან დაფინანსების მიღების ფაქტი, თავისთავად, არ აქცევს მის მიმღებს დონორის მითითების ან კონტროლის ქვეშ მყოფ სუბიექტად. ასეთ შემთხვევაში სუბსიდიის მიმღებს არ მოეთხოვება დონორის აგენტად რეგისტრაცია.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც „განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით“. საქართველოს შემთხვევაში, განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ანტიკორუფციულ ბიუროს, პროკურატურას და სასამართლო სისტემას – ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან.

„არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო  სწრაფად და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ უნდა გამოვიყენოთ სამართლებრივი ბრძოლის ყველა ფორმა, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დასაცავად“, – აცხადებს საია.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია