საზოგადოებრივი მაუწყებლის 60-მა თანამშრომელმა, მათ შორის ტელეწამყვანებმა ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც გმობს მომიტინგეების ძალადობრივ დარბევას და ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ევროინტეგრაციისადმი საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას არღვევს.
ხელმომწერები ხაზს უსვამენ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლსაც, რომლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციის მე-17 მუხლით არის განსაზღვრული. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად“.
ისინი ასევე გმობენ პოლიციის ძალადობას და აცხადებენ: „ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს უზრუნველყოს ეთერი საზოგადოებრივი აზრისა და დისკუსიისთვის და მის ბოლოდროინდელ მიკერძოებულ გაშუქებას აკრიტიკებენ.
ბოლო დღეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საპროტესტო აქციები გაიმართა განსხვავებული აზრისთვის საეთერო დროის მოთხოვნით. ორივე შემთხვევაში მიღწეული იქნა შეთანხმება მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან და საჯარო დისკუსიებს საეთერო დრო დაეთმო.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ არხის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას, ასევე პირდაპირ ეთერზე წვდომას და ოპოზიციის ლიდერებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის საეთერო დროის დათმობას.
არხის ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პირველი არხი იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად.
საზოგადოებრივ მაუწყებელს სულ უფრო ინტენსიურად ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გავრცელებასა და ოპოზიციური შეხედულებებისთვის საეთერო დროის არდათმობაში. მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა. არხს ადრე უფლედამცველი ორგანიზაციები სერიოზულ მიკერძოებაში ადანაშაულებდნენ, რამდენიმე ჟურნალისტი ცენზურაზეც კი ალაპარაკდა.