პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილმა ტელეარხმა „ალტ-ინფომ“ მაუწყებლობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მისი წევრების შედეგები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სავალალო აღმოჩნდა.
„ეს მარცხი ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. ძალიან სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის ეს მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ არ ველოდით ამ შედეგს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო“, – განაცხადა არხის ერთ-ერთმა წამყვანმა შოთა მარტინენკომ. მისი თქმით, ტელეარხი არჩევნების შედეგების იმედით მუშაობდა და ადამიანები ხელფასის გარეშე მუშაობდნენ.
კიდევ ერთმა წამყვანმა, გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ ტელევიზია ამ ფორმატით ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას, რადგან „თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, თქვენი ფინანსების დახმარებით“. მისი თქმით, ჯერ არ იციან, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას.
ალტ-ინფოს წევრებმა არჩევნებში კიდევ ერთი პრორუსული ძალის, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მიიღეს მონაწილეობა მას შემდეგ რაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა ალტ-ინფო-ს, როგორც პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია. „პატრიოტთა ალიანსმა“ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და ხმების მხოლოდ 2,4% მიიღო.
ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა მახარაძემ, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულია, განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსთან“ შეთანხმება იმას გულისხმობდა, რომ ალტ-ინფო საბიუჯეტო დაფინანსებიდან თავის წილს აიღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტია 5%-იან ბარიერს გადალახავდა. ქართული პარტიები ავტომატურად იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ ისინი 1%-იან ბარიერს გადალახავენ.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ალტ-ინფოს ორ წევრს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურა მახარაძეს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.
ალტ-ინფოს ულტრაკონსერვატიული, ანტიდასავლური, ღიად პრორუსული და ანტილიბერალური დღის წესრიგი აქვს.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/01/2024 – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ჯარიმის სახით 232 705 ლარის გადახდა მოსთხოვა
- 23/12/2023 – კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებს ევროკავშირის დროშების დაწვისთვის ბრალი წაუყენეს
- 06/07/2022 – პრეზიდენტი მთავრობას ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან მიმართებით უმოქმედობის გამო აკრიტიკებს
- 01/06/2022 – კონსერვატიული მოძრაობა „პრაიდის“ ფესტივალის წინააღმდეგ „მობილიზაციას“ აცხადებს
- 20/11/2021 – ულტრამემარჯვენეებმა რუსეთთან მოკავშირეობის მოსურნე პარტია დააფუძნეს