პრემიერ-მინისტრის თხოვნით, ანტიკორუფციულმა ბიურომ TI საქართველოს „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი მოუხსნა

Civil Georgia 2 კვირის წინ 11
პრემიერ-მინისტრის თხოვნით, ანტიკორუფციულმა ბიურომ TI საქართველოს „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი მოუხსნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თხოვნის შედეგად, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა.

„ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, რომ გამოვიყენო დისკრეცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“და [მის დირექტორს] ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალდებულათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეუილი დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ანტიკორუფციულ ბიუროს, გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად ცნო. კობახიძის თქმით, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი, რადგანაც ეს „გარე მანიპულაციისთვის“ კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნას გამოყენებული. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, „რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა“, მას მიზანშეწონილად მიაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

კობახიძის განცხადებამდე, TI საქართველომ განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებს თავისი სახელით ვერ დააკვირდებოდა.

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაცია „გაუმჭვირვალობაში“ დაადანაშაულა.

„სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა გამჭვირვალობაზე და ამის ნაცვლად აირჩია კანონის უზენაესობის პრინციპებზე თავდასხმა“, – განაცხადა კუპრაშვილმა და დასძინა: „ამ ორგანიზაციას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, არ სურს საზოგადოებას გაუმხილოს თუ რა მიზნით იხარჯება ათობით მილიონი ლარი მაშინ, როცა თავად კანონზე მაღლა ცდილობენ დადგომას“.

„იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორგანიზაციების მიერ მოხდებოდა პოლიტიკური მიზნებით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროვება, ფარდა აეხდებოდა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობისთვის აშკარა გახდებოდა, თუ როგორ იმართებოდა მთელი რიგი პროცესები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის“, – განაცხადა კუპრაშვილმა. „გამჭვირვალობის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდებოდა თუ რა ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზნით გაკეთებული განცხადებების უკან“.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა მთლიანი ბრიფინგი სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმისთვის გამოიყენა: „მათი საქმიანობა არის დაფარული და  გაუმჭვირვალე. ისინი მოქმედებენ ჩუმად და არა სიამაყით“, – განაცხადა კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ და დასძინა, რომ „მათი დახარჯები არ არის გაცხადებული, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლებას“.

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, მისი სამსახურის მიზანი გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლების დაცვაა. მან ასევე განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს „გადაწყვეტილებები დასაბუთებულია უმაღლესი სტანდარტით და ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას“.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ხელისუფლებას პრაქტიკაში ჯერ არ გამოუყენებია, როგორც ჩანს, ანტიკორუფციული ბიურო  ხელისუფლების ხელში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის იარაღად ჩამოყალიბდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“ ერთად ბიურომ მოძრაობა „აირჩიე ევროპაც“ გამოაცხადა „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია