პრემიერ-მინისტრი სსო-ებისთვის ‘განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების’ სტატუსის მოხსნისკენ მოუწოდებს

Civil Georgia 2 კვირის წინ 12
პრემიერ-მინისტრი სსო-ებისთვის ‘განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების’ სტატუსის მოხსნისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად ცნო. კობახიძის განცხადებამდე ერთი დღით ადრე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებს თავისი სახელით ვეღარ დააკვირდება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარსული საქმიანობა საკმარისია საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად და რომ ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი, რადგანაც ეს „გარე მანიპულაციისთვის“ კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნას გამოყენებული.

30/09/2024 – TI საქართველო თავისი სახელით ოქტომბრის არჩევნებს ვერ დააკვირდება

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ ორგანიზაციას აქვს „განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ“,  ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია და რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, „უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს“. პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, „რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა“, მას მიზანშეწონილად მიაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. „ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოუცხადა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არის ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნისა და მისი „მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის“ შესახებ. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნების დროს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უშუალოდ „მონაწილეობდა პარალელური ხმის დათვლის ყალბი შედეგების ტირაჟირებაში“. 2022 წელს, კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, სხვა ორგანიზაციებთან ერთად,  მთავრობის გადადგომას და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდა. კობახიძის თქმით, ახლა ორგანიზაციის მისია ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებაა.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ საზოგადოებას სათანადო დასკვნების გამოსატანად და სიფრთხილის გამოსაჩენად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ რაიმე სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ ჭირდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული. „წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ანტიკორუფციულ ბიუროს „ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“.

„მართალია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, მაგრამ საზოგადოებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამ დარღვევას, პრაქტიკული თვალსაზრისით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია