პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს და „ქართული ქარტიის“ ხელმომწერებს მისი შესრულებისკენ მოუწოდებს

Civil Georgia 2 თვის წინ 33
პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს და „ქართული ქარტიის“ ხელმომწერებს მისი შესრულებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის წარდგენის გეგმები და ოთხ მთავარ ოპოზიციურ კოალიციას „ქართული ქარტიის“ მიმართ ერთგულების დადასტურებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან შეასრულა ქართული საზოგადოებისადმი მიცემული დაპირება, რომ ქარტიის ირგვლივ პოლიტიკური პარტიების გაერთიანებით ქვეყანას ევროპაში დააბრუნებდა.

მისი თქმით, იგი აგრძელებს შეხვედრებს არჩევნებში მონაწილე ოთხ მთავარ პოლიტიკურ ძალასთან (ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად; კოალიცია ცვლილებისთვის; ძლიერი საქართველო და საქართველოსთვის), რათა „იმ 4 პარტიასთან ერთად, რომლებიც დღეს პროევროპულ პლატფორმას შეადგენენ, გამევლო ამ ქარტიის ყველა პუნქტი და მათგან კიდევ ერთხელ მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია სრულიად იქნება შესრულებული“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპის დედაქალაქებში ვიზიტისას იგი ევროპელ ლიდერებს შეხვდა და მიიღო მათი დაპირება, რომ თუ ქარტია შესრულდება და „თუ იქნება მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა, ჩვენ სასწრაფო ტემპით დაგვაბრუნებენ იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ამ მოლაპარაკებების გახსნის კართან“.

თუმცა, პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ რჩება სხვადასხვა ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და „მე მინდა, რომ რადგანაც მე ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მიმაჩნია, რომ ქარტია პასუხია საზოგადოების დაკვეთაზე, ყველაფერი ძალიან ნათელი იყოს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დავტოვოთ გაურკვეველი, ან რაღაც სპეკულაციების საკითხები“.

ინტერპრეტაციები ეხება ქარტიის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი წარადგენს მთავრობის შემადგენლობას, რომელიც ქარტიის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის აპირებს, წარადგინოს ტექნიკური მთავრობა, რადგან საზოგადოება ელის, რომ გარდამავალ ეტაპზე შეიქმნება ტექნიკური ან ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც „მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ აღასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში“.

„და რადგანაც ჩემი წარსადგენია, მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე უნდა წარვადგინო, რათა საზოგადოებამ იცოდეს ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში, ცხადია, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„დროა, პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება – რამდენად არიან ქარტიის, არამხოლოდ სულისკვეთების, არამედ მისი ყველა სიტყვის ერთგულნი, რადგან ეს ისეთი დოკუმენტია, რომელშიც არ შეიძლება შემდეგ რაღაც გაუგებრობა იყოს“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია