პრეზიდენტი „საკონსტიტუციო გადატრიალების“ წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

Civil Georgia 3 კვირის წინ 7
პრეზიდენტი „საკონსტიტუციო გადატრიალების“ წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

28 ნოემბერს დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე კვირა, თუ თვეა“, მან ევროკავშირს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებაში შუამავლობისკენ, ხოლო ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა საქართველოს ელჩებს, პოლიციასა და ჯარს მიმართა და საქართველოს გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ბოლო მოუღო საქართველოს სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას და მომავალს ყველგან, გარდა რუსეთისა. „დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი,  საკუთარ ხალხს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპელი დიპლომატები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ცოტა დააგვიანეს შეფასებები“. „ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც ჩვენი და ხალხის მოთხოვნაა – ახალი არჩვების დანიშვნა და ჩატარება“, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა ოპოზიციის ყველა წევრს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდა გვერდზე გადადონ უთანხმოება და გამოთქვა მზადყოფნა ამ პროცესში მათ გვერდით დადგეს, როგორც „ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში“. „დღეს გვჭირდება კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებსაც მიმართა: „დროა თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ… დროა, თქვენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს“.

საქართველოს ელჩების მისამართით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სადა ხართ, ხო წარმოგიდგენიათ რა აბსურდში ცხოვრობთ… ხვალ აქ რუსეთი არის, თუ ჩვენ ყველამ ჩვენს ადგილას არ ამოვიღეთ ხმა“.

„მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს, თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არა ხართ. და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„მე მინდა მივმართო ქართულ ჯარს, მე მინდა მივმართო იმ ჯარს, რომელსაც დღეს ჩვენს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება. მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, ის არის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომლიდანაც ჩვენ ძლივსძლივობით გამოვედით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია