25 ნოემბრის ვიდეომიმართვაში მოსახლეობისადმი, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს“, რადგან მან „თავზე დაიხია კონსტიტუცია“. მან ასევე განაცხადა, რომ ძალიან ეცოდება მმართველი პარტიის დეპუტატები, „რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ მათ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ კვირით არ ვიცი, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ, არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნიათ“. მისი თქმით, მას ასევე ეცოდება ირაკლი კობახიძე, „როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ ეცოდება საქართველოს ახალგაზრდობა, „რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ, ძალიან მალე ხელში აიღონ ამ ქვეყნის მომავლის სადავეები“.
პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა: „თუ რამეს ვხედავთ, ეს არის ის, რომ თქვენი დრო მოვიდა, რომ ის ძველი დრო, რომელიც დღევანდელ პარლამენტშია ასახული ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე ახალი არჩევნების დრო დადგება, რომელიც ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ეს დრო ნამდვილად მოდის!“
მან აღნიშნა, რომ „ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ მაინცდამაინც ყოველდღე ვიდგეთ სადმე, ჩვენი მთავარი მოვალეობა მომზადებაა. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან მიატოვონ საქართველო; იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ ამ ქვეყნის ეს მომავალი ჩვენია – ყველასი“.
ევროპარლამენტში მისი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მე, როცა გადავწყვეტ რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, ყოველ ჯერზე, წინასწარ გეტყვით, გეტყვით რისთვის მივდივარ, გეტყვით ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები“. „მე აქ ვიქნები, (ეს უკვე გითხარით) და ერთად მოვემზადებით ახალი არჩევნებისთვის!“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ: