პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“

Civil Georgia 2 თვის წინ 32
პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“

ევროპარლამენტის მიერ 9 ოქტომბერს საქართველოს შესახებ დაგეგმილი რეზოლუციის მიღების წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა და მას „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი“ უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა რეზოლუციის პროექტში გაჟღერებულმა მოწოდებებმა გამოიწვია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ეხებოდა. მან ასევე გააკრიტიკა მოწოდებები, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს.

მოწოდება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ „აღმაშფოთებელია“

„აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება“, – განაცხადა პაპუაშვილმა და „ცალკეული ძალები“ დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის და პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ. 

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი წვლილი „განმსაზღვრელია იმაში, რომ მუდმივად ომის ქარცეცხლში გახვეული საქართველო, უკვე წლებია ინარჩუნებს მშვიდობას და არ გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ადგილი“.  პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ „ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს“.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი შეშფოთებას გამოხატავს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაპირების გამო, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას აკრძალავენ. რეზოლუციის პროექტის ტექსტი ბიძინა ივანიშვილს „ოლიგარქად“ მოიხსენიებს და გმობს მის როლს საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შელახვის საქმეში, მათ შორის რუსეთისკენ სვლის სასარგებლოდ. ის მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს „დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ“ ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და ბლოკის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, ვინც „საქართველოში დემოკრატიის შელახვაზეა პასუხისმგებელია“.

მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე „სამარცხვინოა“

„სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა“ შექმნა, „დახურა ან ჯიბეში ჩაიდო“ ყველა ტელევიზია. პაპუაშვილის თქმით, „სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს  20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ“.

რეზოლუციის პროექტი „მტკიცედ იმეორებს“ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „დაუყოვნებლივ“ და „უპირობო“ გათავისუფლების შესახებ, რათა მას საშუალება მიეცეს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება „სრული“ და „უდავო“ პასუხისმგებლობა სააკაშვილის მძიმე მდგომარეობასა და მის უსაფრთხოებაზე.

რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ მოწოდება „ამაზრზენია“

„ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. „სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული. თუმცა, კარგია, რომ, როგორც იქნა, საბოლოოდ გაცხადდა ის, რაზეც აქამდე მსგავსი მოთხოვნის ავტორები საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ, ზოგიერთი კი საჯაროდ უარყოფდა კიდეც“.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება „რუსეთს ვერაფრით დააზიანებს“. „პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „ამ რეზოლუციით, ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში“.

რეზოლუციის პროექტი „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოში რუსეთის მზარდი გავლენის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიული ომის საპასუხოდ. იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და ბლოკის სტრატეგიასთან რუსეთის მიმართ. 

უცხოური ჩარევის შესახებ კიდევ ერთი განცხადება

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიციირება „ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან“.

მან მოუწოდა „ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია“. „ჩემი მტკიცე მოლოდინია, რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს და, ასევე, მოუწოდებს ოპოზიციას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი, როგორც დემოკრატიის ვერდიქტი“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია