სამი ოპოზიციური მედიასაშუალება უარს ამბობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ვიდეორგოლის გაშვებაზე, სადაც ომის შედეგად განადგურებული უკრაინა მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ მშვიდობასთანაა შედარებული. ეს მედიასაშუალებებია ტელეკომპანიები „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“, რომელთაც ვიდეოს გაუშვებლობის გამო სერიოზული ჯარიმები ემუქრებათ.
„ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე – ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს“, – ნათქვამია ტელეკომპანიების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა და რომელიც „ქართულ ოცნებას“ საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებაში ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ სადავო ბანერები, რომელთაც ახლა ვიდეო რგოლების სახე მიიღეს, იგივე პრინციპითაა შექმნილი: ერთ მხარესაა ომით განადგურებული უკრაინის სურათები, სადაც ოთხი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო ნომრები გადახაზულია – კოალიცია ცვლილებისთვის (4), ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა (5), ძლიერი საქართველო (9) და გახარია საქართველოსთვის (25) – თითქოს ისინი ომთან ასოცირდებიან, მეორე მხარეს კი საქართველოს გამოსახულებებია, სადაც ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მშვიდობაა და 41 ნომერია გამოსახული. ბანერები მთელს დედაქალაქში გავრცელდა. ახლა ისინი სწორედ იმ ვიდეორგოლებისთვის გამოიყენება, რომელთა ეთერში გაშვებაც მმართველ პარტიას სურს. სახელისუფლებო ტელეარხებმა – იმედი, POSTV და რუსთავი 2 – ისევე როგორც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვიდეორგოლი ეთერში გაუშვეს, ხოლო სამმა ოპოზიციურმა მედიამ ამის გაკეთებაზე უარი თქვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ ‘ქართული ოცნების’ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. „მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია ‘ქართული ოცნების’ ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ბანერები და განაცხადა, რომ ის მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შემზარავი შედეგების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას. ბანერები ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და მათ „აღმაშფოთებელი“, „სამარცხვინო“ და „ამაზრზენი“ უწოდა.
მედიის ადვოკატირების კოალიციამ ასევე დაგმო „ქართული ოცნების“ ანტი-უკრაინული პროპაგანდა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის“. კოალიციამ ზემოთხსენებულ მედიასაშუალებებს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა „არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა“. კოალიციამ განაცხადა, რომ მძიმე ჯარიმების საფრთხე არის „საგანგაშო ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მედიასაშუალებების იძულების მიზნით, დაემორჩილონ და გაავრცელონ ნარატივი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს“. „მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას“, – ნათქვამია განცხადხებაში.
სამ ტელეკომპანიას მხარდაჭერა ასევე გამოუცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელმაც მოუწოდა კომუნიკაციების კომისიას, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც „კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას“. ქარტია ასევე აღნიშნავს, რომ „ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინელ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტია თავის საარჩევნო კამპანიაში უკიდურესად მიუღებელ ხრიკებს მიმართავს და კონკრეტული ჯგუფების მიმართ ძალადობას აღვივებს“. 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციამ მოუწოდა კომუნიკაციების კომისიას, არ შეაფერხოს მაუწყებლების ფუნქციონირება და არ გახდეს მმართველი გუნდის პროპაგანდის ინსტრუმენტი.
6 ოქტომბერს მედია ომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესახებ პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, „საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის საბაბით, სამართლებრივი დავების და მედიის დასჯის მოთხოვნის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ როგორც კომუნიკაციების კომისია, ისე სასამართლო გახდა თანამონაწილე საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები.
კომუნიკაციების კომისიას ამ ახალ საქმეზე ჯარიმებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.