„მოთმინებით ვართ დიალოგში პარტნიორთან. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა თავის დროზე“ – მთავრობა K-Water-ის მიერ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობაზე

News.ge 1 თვე წინ 27
„მოთმინებით ვართ დიალოგში პარტნიორთან. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა თავის დროზე“ – მთავრობა K-Water-ის მიერ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობაზე

„მოთმინებით ვართ დიალოგში პარტნიორთან. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა თავის დროზე“ – მთავრობა K-Water-ის მიერ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობაზე
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის სექტორში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის, შეეხო მსხვილი ჰესების პროექტებს, რომლებზეც მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვები დაუსვეს.
„იცით, რომ „ხუდონჰესი“ სახელმწიფომ დაიბრუნა, გამოისყიდა – ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა, შესაბამისი იურიდიული პროცედურები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს იმისთვის, რომ პროექტებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, განხორციელდნენ მაქსიმალურად მდგრადად და ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ჩავატარეთ შესაბამისი კვლევები, რომელშიც მონაწილეობდა შვეიცარიული ცნობილი საინჟინრო კომპანია, კვლევის წინასწარი შედეგები საზოგადოებასაც გავაცანით, რაც გულისხმობს ჰესის რელოკაციას, რადგან ეს იყო ძირითადი შემზღუდავი ფაქტორი სოციალური კუთხით და მოსახლეობის წინააღმდეგობაც გვახსოვს, ამიტომ, ისევ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით და მათი მხარდაჭერით, პროექტი განხორციელდება, თუმცა უკვე შეცვლილ ლოკაციაზე“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა და დაიწყება დეტალური პროექტირება. მისივე განცხადებით, პარალელურად, უკვე გვყავს დაინტერესებული ინვესტორები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად იქნებიან პარტნიორები ამ მსხვილ პროექტში.
„ასევე ჩვენ გვყავს პარტნიორი, ინვესტორი „ნენსკრას“ პროექტში, რომელთანაც განვაახლეთ, ხელახლა დავდეთ ხელშეკრულება – მათ ჰქონდათ ბევრი პრობლემა, რის გამოც ვერ განახორციელეს პროექტი, თუმცა, რადგანაც ეს არის სამხრეთ კორეული სახელმწიფო კომპანია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პარტნიორული ურთიერთობები და თუ მათ გააჩნიათ პროექტის განხორციელების პოტენციალი, გამოვიყენოთ ბოლომდე, ამიტომ აქაც, მიუხედავად იმისა, რომ უფრო სწრაფად გვინდა შედეგი, მოთმინებით ვართ დიალოგში პარტნიორთან, რომ ეს პროექტი მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა „ნამახვანი ჰესის“ პროექტზეც ისაუბრა, მისი შეფასებით, სამწუხარო ფაქტია, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა თავის დროზე, თუმცა, მის განხორციელებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
„იცით რომ მიწები იყო გადაცემული ინვესტორზე, ამიტომ იურიდიული პროცედურები, რომლებიც, ერთი მხრივ, გულისხმობს საარბიტრაჟო პროცედურებს, მეორე მხრივ, მიწის სახელმწიფოზე გადმოცემას და პროექტის გაცოცხლებას, პარალელურად მიმდინარეობს“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ მსხვილ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ენერგეტიკული თვალსაზრისით, მათ შორის იმისთვის, რომ ქსელის სტაბილურობა შევინარჩუნოთ და გვქონდეს დაგროვებული ენერგორესურსები.

სრულად წაიკითხეთ სტატია