„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ბიზნესმენ მინდია საბანაძის ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაცია დღეს „კომერსანტმა“ გაავრცელა. ჩვენი ინფორმაციით, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განხორციელება იგეგმება, რისთვისაც მფლობელებმა ბიზნესმენ მინდია საბანაძის შვილთან ერთად მენეჯმენტ კომპანია შპს “ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958” შექმნეს.
სითი ექსპო “ექსპო ჯორჯიას”-სთან მიმართებაში გავრცელებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელსაც “კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ:
„ამ პერიოდისთვის ექსპო ჯორჯიას ტერიტორიის ახალ უბრანულ განვითარებაზე გადაწყვეტილება არ არსებობს. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს პროექტის მოკლევა. თუმცა აქვე ძალიან მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, არცერთ ეტაპზე, არ განიხილება ექსპო ჯორჯიის ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონისა თუ საგამოფენო სივრცეების ხელყოფა, მეტიც, მოხდება ახალი ხე-მცენარეების დარგვა, სარეკრეაციო ზონის მეტად კოფორტულად მოწყობა საზოგადოებისთვის და საგამოფენო სივრცეების კიდევ უფრო განვითარება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა ტერიტორიის პოტენციური განვითარების პროექტთან დაკავშირებით, რაც მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ პავილიონებისა და რეკრეაციის მომიჯნავე ტერიტორიებს, თუმცა აქვე ძალიან ცხადად და ერთმნიშვნელოვნად გვინდა დავაფიქსიროთ, რომ პოტენციური პროექტის დასრულების შემთხვევაში, კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს ტერიტორიის მწვანე საფარისა და მასზე არსებული საგამოფენო პავილიონების ხელუხლებლად შენარჩუნებაზე.
ექსპო ჯორჯიას რეაკრეაცია, როგორც აქამდე იყო საზოგადოებრივი პარკი და ყველასთვის ხელმისაწვდომი, ასევე დარჩება მომავალშიც. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ექსპო ჯორჯიას მენეჯმენტ კომპანიაც რჩება უცვლელი და განაგრძობს თავის საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში.
გვესმის მაღალი სამოქალაქო ინტერესის არსებობა ამ საკითხის მიმართ, რადგან ექსპო ჯორჯია იყო, არის და იქნება ქალაქის გამორჩეული ლანდშაფტისა და კულტურული ღირებულების მქონე ადგილი. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ ტერიტორიის მდგრადი და სწორი ურბანული განვითარების უზრუნველყოფაა“ – ნათქვამია განცხადებაში.