შსს-ს თანამშრომლები, რომელთა გვარები ტელეკომპანია “მთავარის” მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდა, სოციალურ ქსელებში საკუთარ ფოტოებს და პროფილებს შლიან.
“მთავარის” მიერ გამოქვეყნებული სია, ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, საზოგადოებას ამცნობს სასტიკ დარბევებში მონაწილე სპეცრაზმელების ვინაობას. სია ასზე მეტი გვარისგან შედგება. “მთავარის” თანახმად, მათ ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
გვარების გამოქვეყნების და მოქალაქეთა დაინტერესების შემდეგ, სიაში მოხვედრილმა მრავალმა ადამიანმა, რომელსაც Facebook-ზე სამუშაო ადგილად სწორედ შსს აქვს მითითებული, სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების წაშლა დაიწყო. ზოგიერთმა მათგანმა პროფილიც გააუქმა.
სახელისუფლებო გუნდიდან სიის გასაჯაროებას მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ჯერ არ იცის, “რამდენად ნამდვილი ან ზუსტია” ეს სია, თუმცა მისი გამოქვეყნება დაგმო.
“რამდენი ფეიკი აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო… ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას…”, – დაწერა მდინარაძემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა მრავალჯერ ფაქტებით უარყოფილი დეზინფორმაცია, თითქოს 2008 წლის ომის დროს თანამდებობის პირები საქართველოს ტოვებდნენ.