რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 4 ოქტომბერს მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრს“ ახსარ ჯიოევს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მას ცხინვალის პრინციპული პოზიციისთვის უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერის საქმეში. ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აფასებს ცხინვალის მხარდაჭერას „სამართლიანი გლობალური წესრიგის დამყარების“ საქმეში. ლავროვმა პირობა დადო, რომ მოსკოვის პოზიცია „2008 წლის გადაწყვეტილებებთან“ დაკავშირებით არ შეიცვლება. შეხვედრაზე ლავროვმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ალტერნატიულ ადგილას გადატანის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
„მსურს მკაფიოდ დავადასტურო სამხრეთ ოსეთთან – ჩვენს ახლო მეგობართან, მოკავშირესთან და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების მნიშვნელობა. ეს პარტნიორობა დროში გამოცდილია და მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ 2015 წლის ხელშეკრულების სრული დაცვით ვითარდება“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე პირობა დადო, რომ ცხინვალის რეგიონი ყველა მიმართულებით მიიღებს დახმარებას: „ჩვენ ვაშენებთ თავდაცვის, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სოციალური თანამშრომლობის საერთო სივრცეს“.
ცხინვალის რეგიონის დახმარებაზე საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ „ჩვენთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს… 2008 წლის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება“. ლავროვს მოსკოვის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას ჰქონდა მხედველობაში.
ლავროვის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირებას იძლევა, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ მიაღწევს ამას, მაგრამ, ამასთან, მზადაა ამისთვის კონსტიტუციაშიც შეიტანოს ცვლილება. ამგვარმა დაპირებამ გამოიწვია ვარაუდი, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის კონფედერაციად გადაქცევის გეგმებზე მიუთითებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი აქტიურად თანამშრომლობს აფხაზებთან „ამიერკავკასიაზე კონსულტაციების“ ფარგლებში. იგი ამ ტერმინს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატთან მიმართებით იყენებს. მან განაცხადა, რომ აქამდე ამ ფორმატის შეხვედრები ჟენევაში იმართებოდა და „ახლა კი ვნახოთ, სად იქნება უფრო მოსახერხებელი მსგავსი შეხვედრების ჩატარება“.
თავის მხრივ, ჯიოევმა მადლობა გადაუხადა ლავროვს ცხინვალის „სახელმწიფოებრიობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში“ პირადად მის მიერ და ასევე რუსეთის მთავრობის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის. მან მადლობა გადაუხადა ლავროვს, რომ „არ გადაუხვია რუსეთის ხელისუფლების მიერ 2008 წელს მიღებული პოზიციებიდან“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონი მხარს უჭერს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. მან აღნიშნა: „ამ ოპერაციაში ჩვენი მოსახლეობა მონაწილეობს, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა“.
იმავდროულად, ქართული მედია იტყობინება 4 ოქტომბერს, რომ რამდენიმე კვირაა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ღრომში ნავთობის საბადოს განვითარების მიზნით, გეოლოგიური-საძიებო სამუშაოები დაიწყო. რუსული მედიასაშუალების „სპუტნიკის“ ინფორმაციით, სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დაიწყო. ამავე მედიის ცნობით, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, მათ შორის ტერიტორიების ფართომასშტაბიანი დათვალიერება, აერო გადაღება, მაგნიტური და სეისმური კვლევები. ამას მოჰყვება რუკების შედგენა და შემდეგ ბურღვის ოპერაციები.
საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ 2024 წლის 26 აპრილს, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და „რუსნეფტეგაზმა“ ხელი მოაწერეს ე.წ. შეთანხმებას ნავთობის საბადოების გეოლოგიური კვლევის შესახებ. TASS-ის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში უახლოეს მომავალში დაიწყება ნავთობის საბადოების მოძიება და შესწავლა, გეოქიმიური და სეისმური კვლევები, ნახშირწყალბადების მარაგების გამოთვლა, პროექტირება, საბადოს კომერციული ექსპლუატაცია და ა.შ. ამავე წყაროს ინფორმაციით, სამუშაოს ეტაპები შეიძლება სამიდან ხუთ წლამდე გაგრძელდეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/09/2024 – ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს
- 18/09/2024 – ბოდიშის თაობაზე ივანიშვილის განცხადების შემდეგ ცხინვალი „პრაქტიკულ ზომებს“ ელის
- 16/09/2024 – „ოსი ძმებისა და დებისთვის“ ბოდიშის მოხდაზე ივანიშვილის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოეხმაურნენ