გადამწყვეტ არჩებნებამდე Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება „მკაფიოდ პროევროპულია“. მან პირობა დადო, რომ „ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მომავალში“.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის ქრისტიანობასთან ასოცირების ფაქტი არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ არა „უძლიერესი მიზეზი“, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. მან დასძინა, რომ „ევროპა ასევე ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რაც ქართველებისთვის განვითარებას ნიშნავს“.
ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ მან აღნიშნა „სამწუხაროდ, დიალოგის კუთხით გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ზოგადად, თუ შევაჯამებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით“.
პრემიერ-მინისტრმა უარყო, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი და ანტი-ლგბტ კანონი რუსული კანონმდებლობის მიხედვით შემუშავდა. „ჩვენ შემოვიღეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ და ამ კანონის შინაარსს არაფერი აქვს საერთო არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსული კანონის შინაარსთან. ის მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება… არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ამიტომ რუსეთის კანონების შესახებ ეს გზავნილი სრულიად ყალბი იყო“, – განაცხადა მან. რაც შეეხება ანტილგბტ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს სექსუალური უმცირესობების შევიწროებას, კობახიძემ დასძინა, რომ „კანონები ლგბტ ადამიანების შესახებ, ეს ასევე ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილებაა“.
კობახიძემ განაცხადა, რომ „რუსეთი არ არის გავლენიანი საქართველოში“ და დასძინა, რომ „არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებზეც მათ გავლენა ექნებათ. არ არსებობს მედია არხები მათი გავლენით“. „ამიტომ რუსული მხარეს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევნებზე“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება „ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე ძლიერი გარანტია, მაგრამ ეს ასევე ეხება ქვეყნის განვითარებას“.
ირაკლი კობახიძემ გაიმეორა „ქართული ოცნების“ ნარატივი არჩევნების შესახებ, როგორც არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. მან საქართველოს ეკონომიკური განვითარება მმართველი პარტიის დამსახურებად მიიჩნია და განაცხადა: „სათანადო ეკონომიკური მაჩვენებლების გარეშე, საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი, სრულუფლებიანი წევრი“.