„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობას „აქტიურ უარყოფითი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ვერ იქნება „ნეიტრალური“ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ უკვე დაწესებული და მომავალი სანქციების გამო.
„ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დუმილი ბოლომდე დუმილი არ არის, დუმილი შეიძლება უწოდო რაღაც მდგომარეობას, თუ ნეიტრალური სტატუსია ურთიერთობებში, თუმცა ეს სტატუსი ჩვენს ურთიერთობებში ნეიტრალური არ არის“, – განაცხადა კობახიძემ 14 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე, კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს, სადაც მთავრობის წუხილი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინადადება აშშ-სთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ აღდგენის შესახებ უგულებელყოფილ იქნა.
კობახიძემ განაცხადა, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუწესა სანქციები, მაგალითად, ჩვენს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სხვა მაღალჩინოსნებს ჩვენი სამართალდამცავი უწყებებიდან“.
„ასევე რომ აღვნიშნოთ „მეგობარი აქტი“ და ა.შ. ეს არ არის ნეიტრალური დუმილის მდგომარეობა, არ არის პასიური სტატუსი, ჩვენს ურთიერთობებს ერთგვარი აქტიური უარყოფითი სტატუსი აქვს“, – აღნიშნა მან.
კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მმართველი პარტია „მოლოდინის რეჟიმშია“, რათა ნახოს, რას იტყვის ტრამპი, რომელთანაც, მისი თქმით, ღირებულებებს იზიარებს. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სურს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა, რაც, მისი აზრით, მთლიანად დამოკიდებული იქნება ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის „ორთაბრძოლის“ შედეგზე.
„იმედს ვიტოვებთ, რომ რეაქცია იქნება, თუმცა ვნახოთ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. აშკარა ბრძოლა წარიმართება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა მეორე ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა მან.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ფსონები ტრამპზე სულ უფრო მცირდება, რადგან MEGOBARI აქტი – რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ უფრო ფართო სანქციებს ითვალისწინებს – სულ მალე ტრამპამდეც მიაღწევს ხელმოსაწერად. 6 მაისს კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერით მიიღო, ხოლო მეორე დღეს ის სენატის საკანონმდებლო კალენდარში შეიტანეს. სენატის მიერ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ის ტრამპს გადაეგზავნება ხელმოსაწერად, რის შემდეგაც კანონი ძალაში შევა.
„ოპტიმიზმი უნდა გვქონდეს. იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, იმედი გვაქვს, დამარცხდება „დიფ სთეითი“, ყოველ შემთხვევაში, შესუსტდება მაინც ტრამპთან ბრძოლაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
MEGOBARI აქტთან დაკავშირებით, კობახიძემ მისი თანაავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი გააკრიტიკა და მას „დიფ სთეითის“ „პატარა აგენტი“ უწოდა. „ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და აწერინებენ ასეთ რაღაცებს. რომ ჰკითხო, საქართველოზე, შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს, მაგრამ დღეში ხანდახან 5 და 6 პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
„როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი“, – დასძინა მან.
„არაფერს აღარ ვამბობ რუსეთზე და ჩინეთზე. ეს ახდენს ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია აშშ-სთან, ევროპასთან. ასეთ რაღაცას საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი არ კადრულობდა 80-იან წლებში, იმიტომ, რომ იქ რაღაც პრინციპები არსებობდა. რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
„რა უნდათ ჩვენი პატარა ქვეყნისგან? საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობით არიან შეწუხებულები, სასაცილოა“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა და ევროპასა და მსოფლიოს მასშტაბით მმართველობასთან დაკავშირებულ რეიტინგებში საქართველოს ლიდერობა მოიშველია.
კობახიძემ ასევე გააკრიტიკა USAID და NED და ისინი უცხოური გავლენის ინსტრუმენტებად წარმოაჩინა, რომლებიც, მისი თქმით, „ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის დათესვას“ ემსახურებოდნენ „პირდაპირ KGB-დან“.
„მე მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ძალიან დიდი სიძულვილი დათესეს საზოგადოებაში პირდაპირ KGB-დან. KGB მუშაობდა ამაზე 90-იანი წლების დასაწყისში, შეაძულეს ქართველები ერთმანეთს… პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში არავის არ დაუთესია ამდენი სიძულვილი, რაც დღეს დათესეს USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ USAID-ი და NED-ი აფინანსებდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც „პირდაპირ დაკავებული იყვნენ სიძულვილის დათესვით მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ“.
აშშ-საქართველოს ურთიერთობის თემასთან დაკავშირებით, კობახიძეს ჰკითხეს, რა მოხდებოდა, თუ აშშ არ უპასუხებდა. მისი თქმით, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ „დიფ სთეითი“ ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ასეთ პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იქნება მეტი გამოწვევები. „ჩვენ 4 წელი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად, პირდაპირ „დიფ სთეითის“ დარჩენა აშშ-ის ხელისუფლებაში, აქაც დავიცავდით ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა „ქართული ოცნების“ მთავრობაზე არ არის დამოკიდებული. „მარტივად არის საქმე, თუ ტრამპი შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში დარჩება სტატუს კვო… დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, – დასძინა მან.
ინტერვიუს დროს კობახიძემ ევროპაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები ეროვნულ იდენტობას კარგავენ. მან „ქართულ ოცნება“ შეაქო საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის. კობახიძემ უკრაინაც ახსენა და დასავლეთი რუსეთთან ომში მის „გაწირვაში“ დაადანაშაულა. მან მოუწოდა დასავლურ ძალებს, „იზრუნონ“ საქართველოზე. „აქ რომ ცდილობ ხელოვნური პრობლემების შექმნას, სანქციების დაწესებას, ეს რა ლოგიკაში ჯდება საერთოდ, აქ ხომ ჩანს, რომ არავითარი წესებზე დაფუძნებული წესრიგი აღარ არსებობს და მოშლილია ყველაფერი“, – აღნიშნა მან. როდესაც მას ალბანეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ჰკითხეს, სადაც ის ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, კობახიძემ განაცხადა, რომ ის მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, რომ „სამართლიანი დამოკიდებულება“ ჰქონდეთ საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ. მან ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოში მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე, რომლის ბოიკოტირებასაც მთავარი ოპოზიციური პარტიები აპირებენ. კობახიძემ აღნიშნა, რომ „დიდი გამოწვევა არც ის იქნება, თუ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში მაინც მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან მიზერულად იქნებიან საკრებულოებში წარმოდგენილები“.
ასევე წაიკითხეთ: