14 ნოემბერს, ოპოზიციურმა „კოალიციამ ცვლილებისთვის“, რომლის შემადგენლობაშიც არიან პარტიები „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ და რომელმაც სხვა ოპოზიციურ კოალიციებს შორის არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, დოკუმენტი წარმოადგინა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არჩევნების გაყალბების მტკიცებულება. კოალიციამ ასევე წარმოადგინა ასობით საჩივარი დარღვევების შესახებ.
ვრცელი დოკუმენტი კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა, რომელსაც ყველა ქართული მედიის, მათ შორის სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტები ესწრებოდნენ. დოკუმენტი გაყალბების შესახებ დასკვნებს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაზე დაყრდნობით აკეთებს. პრეზენტაცია ფოკუსირებული იყო ძირითად მიგნებებზე, როგორიცაა:
- საქართველოს არჩევნებს არცერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ და არც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა არ მისცეს „თავისუფალი და სამართლიანი“ არჩევნების კვალიფიკაცია;
- ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები მკვეთრად განსხვავდებოდა ოფიციალური შედეგებისგან;
- ფართოდ დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი;
- არჩევნებმა ამომრჩეველს არ მისცა საშუალება თავისუფლად გამოეხატა თავისი ნება;
- საარჩევნო მანიპულირება იმდენად ფართოდ იყო გავრცელებული, რომ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე;
- ერთდროულად გამოიყენებოდა არჩევნების გაყალბების მრავალი მეთოდი;
- არჩევნებში რუსეთის ჩარევის ეჭვები გამართლებულია;
- გამოვლინდა მნიშვნელოვანი სტატისტიკური შეუსაბამობები, მათ შორის ამომრჩეველთა აქტივობას, ამომრჩეველთა არჩევანსა და არჩევნების შედეგებს შორის, რაც მმართველი პარტიის მიერ არჩევნების მანიპულირებაზე მიუთითებს;
- არჩევნების გამოძიება მნიშვნელოვანია სიმართლის დასადგენად და არსებული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად;
- თავად საქართველოს მიერ არჩევნების მიუკერძოებელი გამოძიება შეუძლებელია, რადგან ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და სასამართლო სისტემა მთლიანად „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლდება;
- არსებული მონაცემები და მტკიცებულებები მყარ საფუძველს იძლევა საერთაშორისო, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, რათა დადგინდეს გაყალბდა თუ არა, როგორ და რამდენად გაყალბდა არჩევნები საქართველოში.
პრეზენტაციაზე გამოიკვეთა ძირითადი პუნქტები, რომლებიც არჩევნების მნიშვნელოვან გაყალბებაზე მიუთითებს.
ისტორიულად ზუსტი ეგზიტპოლების ვარაუდით, ოფიციალური შედეგები „სტატისტიკურად შეუძლებელია“
ჯაფარიძემ Edison Research-ისა და HarrisX-ის ეგზიტპოლების შედეგები წარმოადგინა, რომლებშიც „ქართულ ოცნებას“ ხმების, შესაბამისად, 40.9% და 42% აქვს.
მისი თქმით, Edison Research-ის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ შედეგების ოფიციალურ შედეგებთან შეუსაბამობა არის 13%, ხოლო HarrisX-ის შემთხვევაში – 12%. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი შეუსაბამობა სტატისტიკურად შეუძლებელია და მხოლოდ სტანდარტული ზღვარით ვერ აიხსნება, განმარტავს ჯაფარიძე.
- 01/11/2024 – Edison Research: ეგზიტპოლებსა და არჩევნების ოფიციალურ შედეგებს შორის 13 პროცენტული პუნქტის სხვაობა კენჭისყრის მანიპულირებაზე მიუთითებს
- 31/10/2024 – HarrisX-ის 2024 წლის არჩევნების ეგზიტპოლის საბოლოო ანალიზმა მონაცემების სტატისტიკურად აუხსნელი შეუსაბამობები აჩვენ
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა არჩევნებში Edison Research-ის ეგზიტპოლები ყოველთვის ახლოს იყო ოფიციალურ შედეგებთან და რომ მაქსიმალური სხვაობა მის ეგზიტპოლებსა და „ქართული ოცნების“ ოფიციალურ შედეგებს შორის დაახლოებით 2% იყო.
სტატისტიკური ანომალიები, გენდერული ანალიზი
დოკუმენტი ასევე მიუთითებს სტატისტიკურ ანალიზზე, რომელიც აჩვენებს საარჩევნო ანომალიებს, მათ შორის პოპულარულ „რუსულ კუდს“, განსაკუთრებით სოფლად, რაც ბიულეტენების ჩაყრის შესაძლო შემთხვევებზე მიუთითებს.
მაგალითად, ხელისუფლებამ 42% მიიღო დიდ უბნებზე და 65% მცირე უბნებზე. შედარებისთვის, 2020 წლის არჩევნებში შესაბამისი მაჩვენებელი იყო 45% და 55%.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია საეჭვო გენდერული ტენდენცია, რომელიც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ბევრ უბანზე მამაკაცები აჭარბებდნენ ქალებს, მაგრამ რაც მთავარია, რამდენიმე უბანზე ხმა მისცა უფრო მეტმა კაცმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.
- 08/11/2024 – ISFED: ცესკო მონაცემებში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები – სიახლეების ბლოგი
- 01/11/2024 – საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 28/10/2024 – სადამკვირვებლო მისია არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობს და 189 უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
- 27/10/2024 – საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები და დასკვნები