„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა 25 ნოემბერს განაცხადეს, რომ ისინი კოალიციის პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავენ. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პროცედურულად, ოპოზიციამ ჯერ პროპორციული სიები უნდა ჩახსნას და შემდეგ ინდივიდუალურად იწერება განცხადებები საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ.
„კოალიციამ ცვლილებისთვის“, რომელიც პარტიებს „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ აერთიანებს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოთხ ოპოზიციურ ძალას შორის ყველაზე მეტი ხმა – 11.03% მიიღო.
კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პარლამენტში დღეს გამართული შეხვედრა „არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ხელისუფლებასთან“, რადგან ხელისუფლების წყარო ხალხია და ეს ურთიერთობა კონსტიტუციით რეგულირდება, ხოლო „არჩევნები, რომლებიც ჩატარდა, იყო აბსოლუტურად გათელილი კონსტიტუციის გზით და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“. მან ასევე განაცხადა, რომ „რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს შეკრება ვერ იქნება აღიარებული ძალაუფლებად“. ხოშტარიამ განაცხადა, რომ არც საერთაშორისო საზოგადოება, არც ოპოზიცია და ქართველი ხალხი არ ცნობს არჩევნებს. „ეს პარლამენტი არ არსებობს, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ არსებობს, და კოალიცია ცვლილებისთვის ყველა ფორმალური წესით… არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და არ აპირებს ამ პარლამენტში შესვლას“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
„ამ კონკრეტულ მომენტში მინდა განვაცხადო ფორმალურად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენს სიას, არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ ჩვენგან არ შეადგამს ამ პარლამენტში“, – ხაზგასმით აღნიშნა. ხოშტარიამ.
ასევე წაიკითხეთ: