აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სექტორზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გავლენის შეფასების მიზნით 30 ივლისიდან 2 სექტემბრამდე 53 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კანონის შედეგებმა სხვადასხვა სახით უკვე იმოქმედა გამოკითხულთა 70%-ზე.
როგორც კვლევამ აჩვენა, ეს გავლენა ორგანიზაციებსა და მათ თანამშრომლებზე აისახა, რომელთა მიმართ ონლაინ მუქარა და შევიწროება, ხელისუფლების მხრიდან გაზრდილი კონტროლი ხორციელდება. ასევე გაიზარდა ადმინისტრაციული ტვირთი, ორგანიზაციების წინააღმდეგ ნეგატიური მედია ინფორმაცია და ოფლაინ მუქარა და შევიწროება, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური მუქარა, პლაკატების გამოფენა და სატელეფონო ზარები ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათ ახლობლებთან.
„უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ, უცხოელ აგენტებად, ოფიციალურად „უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს. თავიდანვე ბევრმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ დარეგისტრირდებოდა. რეგისტრაციის ვადა სექტემბრის დასაწყისში ამოიწურა და იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზაციების დაჯარიმება და შემდეგ „იძულებით“ დარეგისტრირება მხოლოდ დროის საკითხია. ვინაიდან ჯერ რეგისტრირებული ორგანიზაციების დოკუმენტაცია მოწმდება და ქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს იუსტიციის სამინისტრო კანონის შეუსრულებლობის გამო ორგანიზაციების დაჯარიმებას, არსებობს იმედი, რომ ეს არჩევნებამდე არ მოხდება.
აღნიშნავს რა, რომ რეგისტრაციისგან თავის არიდებას ან არასრული დეკლარაციის წარდგენას შესაძლოა 25 000 ლარამდე ოდენობის განმეორებითი ჯარიმები მოყვეს, დოკუმენტი ასკვნის, რომ „სტატუსს აქვს დისკრიმინაციული და მასტიგმატიზებელი ეფექტი და შესაძლოა თვითცენზურა გამოიწვიოს“. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონი მწვავედ გააკრიტიკეს აქტივისტების მუშაობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში დამოუკიდებელი ხმების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობის შეზღუდვის გამო.
თუმცა, კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რესპონდენტთა უმეტესობა არ განიხილავს უცხოელ აგენტად დარეგისტრირებას სპეციალურ რეესტრში, მაშინაც კი, თუ მმართველი პარტია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩება.
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ რესპონდენტთა 75%-მა ფინანსური მხარდაჭერა მოითხოვა, მათ შორის დაფინანსება ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. გარდა ამისა, 62%-მა სამართლებრივი მხარდაჭერის, მათ შორის ადგილობრივი იურისტების მხრიდან უსასყიდლო იურიდიული დახმარების საჭიროებას გაუსვა ხაზი, ხოლო 57% ადვოკატირებაზე, მათ შორის ევროკავშირთან და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან პოლიტიკის საკითხებზე დიალოგის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„საერთაშორისო დაფინანსებაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება სსო-ებს უცხოელი აგენტების კანონის მიმართ მეტისმეტად დაუცველს ხდის“, – ნათქვამია კვლევაში.
საერთო ჯამში, 53 რესპონდენტიდან თითქმის ყველამ (94 პროცენტმა) დაადასტურა, რომ ისინი დაფინანსების 20%-ზე მეტს საერთაშორისო დონორებისგან იღებენ და ამიტომ ფიქრობენ, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მათზე „ძლიერ გავლენას“ მოახდენს „მისი უკიდურესად მასტიგმატიზებელი ეფექტის, არაპროპორციული სანქცირების აღსრულების მექანიზმისა და მძიმე ადმინისტრაციული და მონიტორინგის ანგარიშგების მოთხოვნების გამო“.
ასევე წაიკითხეთ: